იაგო კაჭკაჭიშვილი - ქუჩის აქციები და შეთანხმების პროექტი თანაბარი წარმატებით ვერ გაგრძელდება - „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა აკვირდება და რომელი ხერხიც უფრო წარმატებული იქნება, იმას ჩაეჭიდება

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს არჩევანის გაკეთება, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ქუჩის პროტესტის გზას მიმართოს, თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ორგანიზებით დაწყებულ დიალოგის პროცესში ჩაერთოს.

როგორც კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც ხვდებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ქუჩაში საპროტესტო აქციების დაწყება შედეგის მომტანი არ იქნება.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავადაც ხვდება, რომ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნის ქუჩაში გადატანა, არ არის საკმარისი და მეჩვენება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაეჭიდა პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებულ მოძრაობას, - შერიგების, შეთანხმების იდეას. ეს პროცესი თანდათან იკრებს ძალას და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ამ პროცესს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებამდე მიიყვანს, რაც პრეზიდენტის პრეროგატივაა. ქუჩის აქციები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, თანდათან უფრო მეტად შესუსტდება, იმის კვალად, რაც უფრო გაძლიერდება შეთანხმების და შერიგების პროექტი. ერთ-ერთი მოთხოვნა შეიძლება იყოს ქუჩის აქციებისგან თავის შეკავება და აღკვეთა, ეს ყველაფერი მოლაპარაკების პროცესში დადგება. ეს ორი პროცესი თანაბარი წარმატებით ვერ გაგრძელდება, რადგან შეუძლებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა აკვირდება პროცესს, რომელი ხერხი და გზა იქნება უფრო მეტად წარმატებული. რომელიც უფრო წარმატებული იქნება, იმას ჩაეჭიდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმედი, რომ შეთანხმების კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, შეწყალების სახით, შესაძლოა, აღმოჩნდეს უფრო ეფექტური გზა, ვიდრე ქუჩაში აქციების გამართვა. ქუჩაში აქციების გამართვის ხელშესახებ პერსპექტივას მგონია, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც ვერ ხედავენ. ამიტომ, აქცენტი გადაინაცვლებს შეთანხმების პროცესზე. მით უფრო, საერთაშორისო საზოგადოება, ამ თვალსაზრისით, უფრო ლოიალურია და უფრო პოზიტიურად არის განწყობილი, ვიდრე ქუჩის აქციებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უაპელაციო მოთხოვნით“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

სოციოლოგის თქმითვე, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, მისი განცხადებები ციხიდან, შედარებით გულწრფელია. თუმცა, როგორც კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დატყვევებულია და აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლიც სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან, მისი განცხადებები გახდა უფრო მეტად გულწრფელი, მაგრამ აქაც გარკვეული ზიგზაგები გვაქვს: სააკაშვილს უნდა აჩვენოს, რომ მისი ქვეყნის თავისუფლება მის თავისუფლებაზე გადის. ამავე დროს, ის აკეთებს განცხადებებს, რომ მას არ სურს არანაირი თანამდებობა, ის პოლიტიკაში არ რჩება. რაღაც წინააღმდეგობები სააკაშვილის რიტორიკაში და მის განცხადებებში არის. ერთი მხრივ, ის საკუთარ თავს წარმოაჩენს ოპოზიციის უალტერნატივო ლიდერად და ფიქრობს, რომ მასზე გადის „ქართული ოცნების“ დამარცხების და საქართველოს გათავისუფლების გზა, მეორე მხრივ, ის ამბობს, რომ არ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობას. ამ თვალსაზრისითაც, იმ მესიჯებს, რასაც სააკაშვილი ციხიდან აგზავნის, სანიმუშო თავსებადობა არ აქვს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ეს აქცია შემთხვევით არ დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. მისივე განცხადებით, ასეთი სიმბოლოები დემოკრატიული გარემოსთვის მისაღები არ არის.

„ეს არ იყო შეუგნებელი და განუზრახველი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს ეს აქცია. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის გამიზნული. ასეთი სიმბოლოების პოლიტიკური აქტივიზმის მაპროვოცირებლად მიჩნევა, არ არის მაინცდამაინც შესაფერისი დემოკრატიული გარემოსთვის და დემოკრატიული პოლიტიკისთვის. არ მომწონს ასეთი დამთხვევები და არ ვფიქრობ, რომ განვითარებული დემოკრატიის ინდიკატორია. ადამიანებმა შეიძლება ამის ნიშნები დაინახონ და გაიხსენონ უამრავი მაგალითი ავტორიტარული ქვეყნების, სადაც პოლიტიკური ლიდერების ან ბელადების დაბადების დღეები ან გარდაცვალების დღეები ხდება ძალიან მნიშვნელოვანი, სოციალური აქტივიზმის საფუძველი. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვურჩევდი ამ მიმართულებით ახალი სვლების გაკეთებას, რადგან ეს ნამდვილად არ საუბრობს დემოკრატიული კულტურის მაღალ ხარისხზე“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო