BAG ინდექსი - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, ბიზნესსაქმიანობის მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა სახელდება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 65% ასახელებს. თუმცა, საყურადღებოა, რომ 2021 წლის II კვარტლის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლო კომპანიების წილმა, რომლებიც ამ ფაქტორს უმთავრეს პრობლემად მიიჩნევენ (მეორე კვარტალში დაასახელა 76%-მა).

„ეს კლება თანხვედრაშია ბიზნესის მიერ ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილების მოლოდინთან: 2021 წლის II-IV კვარტლებში 29%-დან 42%-მდე იმატა იმ კომპანიების წილმა, რომლებიც გაცვლითი კურსის უცვლელ დონეზე შენარჩუნებას პროგნოზირებენ.

ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის მეორე ადგილს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს. მათ შორის, COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვები ბოლო კვარტლებში უფროდაუფრო ნაკლებად აწუხებს ბიზნესს. თუმცა, ამავდროულად, მკვეთრად გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მარეგულირებელ გარემოს ასახელებენ ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის.

სტაბილურად 33%-ზე ნარჩუნდება იმ კომპანიების წილი, რომლებიც სპეციალისტების ნაკლებობას განიცდიან. ამავდროულად, 2021 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად მწვავდება და 2%-დან 28%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას აწყდებიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში, შეზღუდული ფინანსური რესურსები ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის აღარ ხვდება. 2021 წლის მეოთხე კვარტალში ზემოხსენებული ფაქტორი ხელის შემშლელად გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა დაასახელა.

მთლიანობაში, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხული ბიზნესის 56% საუბრობს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია BAG ინდექსის ისტორიაში: 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან მოყოლებული, აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად 70%-80%-ის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა