ირაკლი კობახიძე - სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იანვრიდან მუშაობას განაახლებს და კონკრეტული წინადადებები მომზადდება სასამართლო რეფორმაზე

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იანვრიდან მუშაობას განაახლებს და კონკრეტული წინადადებები მომზადდება სასამართლო რეფორმაზე,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის წერილის კომენტირებისას აღნიშნა.

ის ასევე გამოეხმაურა ბორელის განცხადებას პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მზად არის ამისთვის მაქსიმუმი გააკეთოს.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა პოლარიზაციის შემცირება, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ამისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებით რეფორმებს, ესეც არის ჩვენი ამოცანა. სასამართლო რეფორმის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების გამო შეჩერდა, სამუშაო ჯგუფი მუშაობას იანვრიდან აუცილებლად განაახლებს და კონკრეტული წინადადებები მომზადდება სასამართლო რეფორმაზე, რაც წინა ტალღების ანალიზს დაეფუძნება. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ჩვენ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა გავატარეთ, რის საფუძველზეც მუნიციპალური არჩევნები ჩავატარეთ, ფუნდამენტურმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო მუნიციპალური არჩევნების კიდევ უფრო უკეთეს გარემოში ჩატარებას. აქედან გამომდინარე, "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანა წინ მიიწევს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მიჩვეული არ ვიყავით 2012 წლამდე. გახსოვთ, რომ მაშინ იყო მუდმივი უკუსვლა დემოკრატიული განვითარების კუთხით. ჩვენ ეს ტენდენცია შევცვალეთ და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის,ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიების მათგან მიღებული წერილის საპასუხოდ წერილი მისწერა, სადაც შეშფოთებას იზიარებს შეფერხებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე ბორელის განცხადებით, ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება საქართველოს დემოკრატიისა და მდგრადობის შემდგომ განვითარებაში ხელშესახები პროგრესის მიღწევისა და მავნე პოლარიზაციის, რომელიც გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე, შეწყვეტის საუკეთესო შანსად.

"განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სექტორს და დემოკრატიულ რეფორმებს. უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივად წვლილი შეიტანონ დეესკალაციასა და კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში,“- აღნიშნულია წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო