ზურაბ ჯაფარიძე - ნუ გექნებათ იმის აღქმა, რომ ეს პროცესი მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, არ არის მიმართული, ეს დავადასტურებინე პრეზიდენტს

ნუ გექნებათ იმის აღქმა, რომ ეს პროცესი მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. არ არის მიმართული, ეს დავადასტურებინე და დამიდასტურა. თუ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესის ნაწილი იქნება სააკაშვილის შეწყალება, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს საერთოდ არ განუხილავს, - ამის შესახებ ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული პროცესი არანაირად არ მოიაზრებს იმას, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, ან რაიმე ტიპის შეთანხმება შედგება, რომელიც ქვეყანაში არსებულ კრიზისს განმუხტავს.

„არასწორი წარმოდგენა არის საზოგადოებაში, მედიაში და პოლიტიკურ სპექტრში თუ რა პროცესზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. როგორც მან ამიხსნა, საუბარია პროცესის წამოწყებაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნის უახლესი წარსულის გააზრებას და ამის ბაზაზე ერის კონსოლიდაციას გარკვეულ საკითხებზე. ეს პროცესი არანაირად არ მოიაზრებს იმას, რომ უახლოეს მომავალში იგულისხმება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ან რაიმე ტიპის შეთანხმება, რომელიც კრიზისს განმუხტავს ამ ქვეყანაში.

კრიზის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ ამ პროცესით და ვერც ვერანაირ მოლაპარაკებებს, ვიდრე „ქართული ოცნება” არ შეასრულებს იმას, რაზეც 8 თვის წინ შეთანხმდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ახალ მოლაპარაკებებზე საუბარი უბრალოდ სისულელე და უტვინობა მგონია. მაგრამ როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გავიგე, ამაზე არც არის საუბარი, საუბარია ყოვლისმომცველ პროცესზე, რომელიც შეიძლება დროში წლები გაიწელოს", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება