UNDP - ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას

ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც UNDP ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობის საქმეში. არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, აქტივისტები და ახალგაზრდული ჯგუფები ჩართულები არიან ადამიანის უფლებების მონიტორინგში, ხელს უწყობს შესაბამისი მექანიზმების გაძლიერებას, ქმნიან საზოგადოებრივ დისკურსს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო და ფართოდ ავრცელებენ ინფორმაციას საზოგადოების ყველა წრეში, მათ შორის, მოწყვლად და მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფებში.

2021 წლის მანძილზე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად თანამშრომლობდა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სთავაზობდა მათ როგორც შესაბამის ტრენინგს, ისე სტრატეგიული განვითარებისა და დაფინანსების შესაძლებლობებს.

„UNDP-ის მხარდაჭერა ისეთ საკვანძო სფეროებს მოიცავდა, როგორიცაა ლგბტქი+ თემის სამართლებრივი და სოციალური დაცვა, ქალებისა და გოგოების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება, კლიმატის ცვლილების უფლებრივი და გენდერული ასპექტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, დევნილებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა.

ამ ხელშეწყობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია უფლებადამცველებისთვის ხელმისაწვდომი ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმების შესახებ. მათ ასევე შეძლეს განვითარებისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოყენება.

UNDP-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგსა და სასწავლო პროგრამებში წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების 350-ზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთო. სამოცმა ორგანიზაციამ მიიღო საგრანტო დაფინანსება გენდერულ თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პროექტებისთვის.

UNDP-ის ხელშეწყობა განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველთან, საერთაშორისო და ეროვნულ ექსპერტებთან და საერთაშორისო დონორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მათ შორის, ევროკავშირთან, გაეროს მდგრადი განვითარების ფონდთან, ავსტრიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობებთან.

„სამოქალაქო საზოგადოებას საკვანძო ადგილი უჭირავს ისეთ პროცესებში, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის მშენებლობა და კანონის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრება. სამოქალაქო აქტივისტები ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს იცავენ, ხშირად პირადი რისკის ფასად. საბედნიეროდ, საქართველოში ძლიერი არასამთავრობო სექტორია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ხელს უწყობს მის საქმიანობას სამართლიანობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

ადამიანის უფლებების დაცვა, თანასწორობის მიღწევა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა UNDP-ის საქმიანობის პრიორიტეტებია. UNDP მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიების შემუშავებასა და შესრულებას და შესაბამისი საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოს შექმნას. UNDP-ის საქმიანობა საზოგადოების ყველა ფენაზე, მათ შორის მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებზე ვრცელდება და ხელს უწყობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას თანასწორი, ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების მიმართულებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს