ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის მიიღოს ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა, რომელიც ქვეყანაში კრიზისის დაძლევას ხელს შეუწყობს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია მზად არის მიიღოს ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა, რომელიც ქვეყანაში კრიზისის დაძლევას ხელს შეუწყობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში მასობრივი შიმშილობის დაწყება ამ პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან ის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას ემსახურება.

"დიალოგში ჩვენ ისედაც ჩართულები ვართ. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ მონაწილეობა მივიღოთ ყველანაირ დიალოგში, რომელიც დღეს არის ინიცირებული. ბუნებრივია, ჩვენ ყველა შანსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დაძლეული იყოს პოლიტიკური კრიზისი, თუმცა, ეს აქცია ემსახურება სწორედ იმას, რომ გავაძლიეროთ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ დროულად იყოს გადაწყვეტილება მიღებული",-განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრას, ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, სავარაუდოდ, შეხვედრაზე საუბარი იქნება ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მისი დაძლევის გზებზე.

"რა თქმა უნდა, საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია თავისი ხედვები და წინადადებები ამასთან დაკავშირებით. ნიკა მელია გაუზიარებს თავის მოსაზრებას სალომე ზურაბიშვილს. კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგება, რადგან ერთმანეთს გაუცვლიან აზრებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და ამ კრიზისის დაძლევის გზებზეც. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ნებისმიერი სახის ფორმატი, რომელიც მოემსახურება ამ კრიზისის დაძლევას, ჩვენ მზად ვართ, ამაში მონაწილეობა მივიღოთ", - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, შიმშილობის დაწყებით ხელი არ შეეშლება იმ პროცესს, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არის დაწყებული.

„დღეს ჩვენ რასაც ვისმენთ "ქართული ოცნების" მხრიდან, თუნდაც დიალოგთან მიმართებით, ამ დიალოგზეც კი ცინიკურად საუბრობენ ისინი. სწორედ იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე გაძლიერდეს ზეწოლა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისთვის მიგვემართა",-განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა