ელენე ხოშტარია - "ქართული ოცნების" პირობებში არ არსებობს ილუზია, რომ დასავლეთთან კონსოლიდაციას მოვახდენთ, ამიტომ ჩვენ წამოვიწყებთ პროცესს, რომელიც საქართველოს ხმას მსოფლიოს გააგონებს

იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც ქვეყანაშია, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური პროცესიდან აბსოლუტურად გამქრალია ის საფრთხეები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში და პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას. ეს არის დასავლეთსა და რუსეთს შორის ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენები, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი პოლიტიკური პარტია სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად წამოიწყებს პროცესს, რომელიც მსოფლიოს გააგონებს საქართველოს საზოგადოების გამოხატული პროდასავლური კურსის შესახებ.

ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ საჭიროა საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცეს.

"ხან უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მუქარით, ხან პირდაპირ ნატო-ს გადაწყვეტილებებზე თავდასხმით რუსეთი ცდილობს ახალი ეტაპი წამოიწყოს ცივილიზებულ, დემოკრატიულ, ევროპულ მშვიდობის სივრცეზე და მათ საკუთარი თამაშის წესები უკარნახოს. ევროპა ძალიან მყარად და ერთიანად უპირისპირდება ამ საფრთხეებს, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ მუქარის პირდაპირი ადრესატი უკრაინასთან ერთად არის საქართველო. ბუქარესტის გადაწყვეტილება ეხება უშუალოდ საქართველოს და უკრაინას. დასავლეთის მიმართ რუსეთის მოთხოვნა ბუქარესტის გადაწყვეტილების უკან წაღების შესახებ არის ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის პირდაპირი დეკლარაცია. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება პირდაპირ არის ჩარევა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შიდა საქმეებში, სადაც ის ტყუილების გზით საუბრობს, თითქოს საქართველოს საზოგადოება არის ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგი და თითქოს ამას ვინმე გვახვევს თავს. ეს არ არის ცალკე აღებული შემთხვევითი განცხადებები, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის ამოცანა არის საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფალი არჩევანისა და უსაფრთხოების ხელყოფა", - განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამ ყველაფრის ფონზე, ეს საფრთხეები საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი არ არის.

„ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან არაფერი ხდება და ამ ფონზე ოპოზიცია ვალდებულია, რომ კონკრეტული მიმართულებით იაქტიუროს. ერთი მიმართულება - იქიდან გამომდინარე, რომ ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი ქართული საზოგადოების ძალიან მყარი ისტორიული არჩევანია, რომელიც დადასტურებულია პლებისციტით, ჩვენ, "დროა", წამოვიწყებთ პროცესს საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური საერთაშორისო მიმართვის, სადაც კიდევ ერთხელ მყარად გავუსვამთ ხაზს, რომ ნატო და ზოგადად ევროპული არჩევანი არის ჩვენი საზოგადოების მყარი არჩევანი და ამას ვერავინ შეცვლის. მეორე - ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა არის საერთაშორისო პოლიტიკის ძალიან აქტიური ნაწილი. მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო ხაზიდან არის აბსოლუტურად გამქრალი საერთაშორისო დღის წესრიგიდან, არადა ეს არის სწორედ ამის ნაწილი.

ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან და მის მიღმაც გამოვალთ კონკრეტული წინადადებებით, თუ რა შეიძლება საქართველომ გააკეთოს უკრაინასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ჩვენი ტერიტორიების მიტაცება, ადამიანების გატაცება, საფრთხეები ჩვენი საგარეო არჩევანის, როგორ შეიძლება გახდეს უკრაინასთან ერთად საერთაშორისო ყურადღების ცენტრალური ნაწილი, რათა ამ დაპირისპირებაში საქართველო იყოს უზრუნველყოფილი დასავლეთის მხარდაჭერით. ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება მთავრობის მხრიდან, მაგრამ ჩვენ რომ ვიყოთ ნორმალურ სახელმწიფოში, ეს არის ის საკითხი, სადაც შეუძლებელია არსებობდეს პოლარიზაცია და ორი აზრი, მაგრამ "ქართული ოცნების" პირობებში არ არსებობს იმის ილუზია, რომ ეს პარტია რაიმე სახის კონსოლიდაციას დასავლეთთან მიმართებით მოახდენს, ამიტომ ჩვენ წამოვიწყებთ პროცესს, რომელიც ოპოზიციასთან ერთად მსოფლიოს გააგონებს საქართველოს საზოგადოების ხმას ამ სასიცოცხლო ინტერესების გარშემო", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო