ელენე ხოშტარია - ის სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მერიამ უბრალოდ რეფორმად შეფუთა, არის ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი მოსახლეობისთვის

ის სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მერიამ უბრალოდ რეფორმად შეფუთა, არის ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი მოსახლეობისთვის. რაც მთავარია, ეს არის მორიგი ტყუილი ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა მძიმედ დააწვება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელსაც აწუხებს ინფლაცია, გაძვირებული წამლის ფასები, გაუსაძლისი პირობები და კოვიდი.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ანგარიშვალდებულების, სამართლიანი არჩევნების ვალდებულება არის არა პარტიული, არამედ ჩვენი მოქალაქეების პრობლემა - ეს საკითხიც სწორედ აქამდე მიდის. მთავრობა, რომელიც არჩევნებს აყალბებს, არჩევნების შემდეგ ხალხს ატყუებს. ის არცერთ დაპირებას არ ასრულებს, აძვირებს ცხოვრებას, ფიქრობს საკუთარ ჯიბეზე და არა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, შესაბამისად, ეს გაძვირების პრობლემა არის „ქართული ოცნების“ საერთო არალეგიტიმურობის, არჩევნების გაყალბების, ზოგადად პოლიტიკური პროცესის დამახინჯების ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ კოალიციური პარტიების ფარგლებში საკრებულოებში კონკრეტული ინიციატივებით გამოსვლას. საბა ბუაძე „ლელოდან“ უკვე აქტიურია ამ თემაზე და საკრებულოში გვექნება კონკრეტული ინიციატივები. უნდა გვესმოდეს, რომ ქალაქს მართავს „ქართული ოცნება“, რომელსაც ზოგადად მიტაცებული აქვს ხელისუფლება, ამიტომ არავის უნდა შევუქმნათ ტყუილი ან პოპულისტური მოლოდინი, რომ მყისიერად შესაძლებელი იქნება ამის შეცვლა. უნდა გვესმოდეს, რა ფასი აქვს ასეთი ტიპის ხელისუფლებას კონკრეტულად მოქალაქეებისთვის, მაგრამ ოპოზიცია კოალიციური გუნდის ფარგლებში აუცილებლად გამოვა კონკრეტული ინიციატივებით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მაღალი ფასი დაუჯდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. ხოლო ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი, 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო