„სათამაშო ბიზნესის რეგულირების ალიანსი“ - მოვითხოვთ, ხელისუფლებამ გაასაჯაროოს ფედერაციების დაფინანსება, ყველა ინფორმაცია, თუ რაში იხარჯება ჩვენი გადასახადები

მოვითხოვთ, ხელისუფლებამ გაასაჯაროოს ფედერაციების დაფინანსება, ყველა ინფორმაცია, თუ როგორ და რაში იხარჯება ჩვენი გადასახადები და როგორ არ შეიძლება სახელმწიფოს გაკეთებული საქმე სათამაშო ბიზნესმა დაიბრალოს, - ამის შესახებ „სათამაშო ბიზნესის რეგულირების ალიანსის“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი შეფასებით, სათამაშო ბიზნესმა, მძევლებივით გამოიყენა პოპულარული სპორტსმენები და პროტესტი მათი საშუალებით გაახმოვანა.

„სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების პირველსავე მცდელობას შანტაჟი მოჰყვა. ბიზნესმა, რომელიც, სამწუხაროდ თავისი არსით ადამიანებს ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს, მცირედი საკანონმდებლო შეზღუდვაც კი იუკადრისა და ულტიმატუმი წამოაყენა, თუ აქამდე სპორტული ფედერაციებისთვის მილიონებს ვხარჯავდით, ამიერიდან სპორტულ ღონისძიებებს აღარ დავაფინანსებთ და შესაბამისად, სპორტი და მედია-საშუალებები შემოსავალს დაკარგავენო?! შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. სათამაშო ბიზნესს მძევლები ვეღარ ეყოლება სპორტსმენების, თანაც ჩემპიონების სახით, ვინც ყოველწლიურად, ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ფულით, ასეულ მილიონობით ლარით ფინანსდება, როგორც ცალკეული ფერედერაციებისთვის განსაზღვრული ლიმიტების, ასევე სახელმწიფო ჯილდოდ გამოყოფილი თანხის სახით.

სამწუხაროა, რომ სათამაშო ბიზნესმა, სწორედ მძევლებივით გამოიყენა პოპულარული სპორტსმენები და პროტესტი მათი საშუალებით გაახმოვანა.

დასანანია, რომ სპორტსმენებმა არ იფიქრეს მათზე, ვინც თამაშდამოკიდებულების გამო, სუიციდის შემაძრწუნებელი სტატისტიკის ნაწილი გახდნენ, ვინც გაკოტრდა, ოჯახი გააღარიბა, უსახლკაროდ დატოვა, ვისაც გემბლინგის გამო ცხოვრება დაენგრა და ვინც სათამაშო ბიზნესის პოტენციური მსხვერპლია.

სპორტსმენებმა არ გაითვალისწინეს, რომ პრობლემა, რომელიც თამაშდამოკიდებულების სახით ასიათასობით ადამიანს უდგას, მარტო ცალკეული პიროვნებების კი არა, ქვეყნის, სახელმწიფოს სატკივარია და ის „აქლემია“, რომელმაც ხვალ, შესაძლოა, ნებისმიერის კართან დაიჩოქოს. როგორც ჩანს, სპორტსმენებს არ უფიქრიათ, რომ სათამაშო ბიზნესის მხარდაჭერით დაუპირისპირდნენ საზოგადოებას, რომელსაც აბსოლუტურად თამამად შეუძლია გააპროტესტოს მათი დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, გადასახადების გადამხდელთა ფულით.

გულდასაწყვეტია, რომ სპორტსმენებმა არ, ან ვერ გათვალეს, რომ ზღვაში წვეთია სათამაშო ბიზნესის მიერ, მხოლოდ და მხოლოდ პოპულარობისთვის, რეკლამის მიზნით, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლის მოსაზიდად გაღებული თანხა, ვითომ სპორტს, რომ ხმარდება და ამ ფულს არანაირი როლი არ აქვს სპორტისა და ფიზიკური აქტივობის მასობრივ განვითარებასა და ახალგაზრდების ჯანსაღად აღზრდის პროცესში. ამიტომაც მოვითხოვთ, ხელისუფლებამ გაასაჯაროოს ფედერაციების დაფინანსება, ყველა ინფორმაცია, თუ როგორ და რაში იხარჯება ჩვენი გადასახადები და როგორ არ შეიძლება სახელმწიფოს გაკეთებული საქმე სათამაშო ბიზნესმა დაიბრალოს.

აღსანიშნავია მედიის როლი ბოლოდროინდელ პროცესებში. პირველ რიგში, მადლობა იმ მედია საშუალებებს, რომლებმაც, წლებია უარი თქვეს სათამაშო ბიზნესის რეკლამაზე. მათ კი, ვინც ახალი რეგულაციების გამო შეიზღუდება, უკვე აღნიშნეს, რომ სათამაშო ბიზნესი მხოლოდ გასართობ გადაცემებს აფინანსებდა (ისევ და ისევ მეტი მეტი მსხვერპლის მიზიდვის მიზნით) და შესაბამისად, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება. სულ მალე ვნახავთ, რომ მედიაში სათამაშო ბიზნესის რეკლამას, სხვა, ჯანსაღი ბიზნესის რეკლამა და სპონსორობა ჩაანაცვლებს.

ვიმედოვნებთ, უახლოეს პერიოდში ჩვენი სახელოვანი სპორტსმენებიც მიხვდებიან შეცდომას და საზოგადოებას ეტყვიან, რომ ემიჯნებიან სათამაშო ბიზნესს, რომლის გამოც უამრავი ახალგაზრდა დაავადდა ნარკომანიის ამ, უმძიმესი ფორმით და ყველაზე სანუკვარი სიცოცხლე, ან ცხოვრების ინტერესი დაკარგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო