ნინო ბურჯანაძე - სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად, ადეკვატურად აფასებს ვითარების სიმძიმეს - კონკრეტულ სქემაზე და გეგმაზე საუბარი არ ყოფილა

ზოგადად, არ ვარ აღფრთოვანებული ფართომასშტაბიანი ამნისტიით. ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ სამართლიანობას ეზეიმა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არის კრიზისი, ესეც მსოფლიოდან მიღებული პრაქტიკაა, რომ შეიძლება დაიწყოს ფართომასშტაბიანი ამნისტიაზე საუბარი იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი მოიხსნას, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სწორად აფასებს და თავად აღნიშნულ ინიციატივას დროულს და საჭიროს უწოდებს.

ბურჯანაძის განცხადებითვე, ეროვნული შერიგების პროცესის წარმატება თუ წარუმატებლობა, „ქართული ოცნების“ პოზიციასა და ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

„ქალბატონი სალომეს ინიციატივა ძალიან დროულ და საჭირო ინიციატივად მიმაჩნია. თავის დროზე, სკეპტიკური დამოკიდებულება გამოვხატე იმის გამო, რომ ამ ინიციატივის განხორციელების მექანიზმები ძალიან რთულია. ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, ხელისუფლება რამდენად ადეკვატურად შეაფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ვხედავთ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატურია და არ აქვს ქვეყანაში ვითარების განმუხტვის სურვილი, მაგრამ მცდელობა იმისა, რომ პრეზიდენტმა შეძლოს ხელისუფლება დაარწმუნოს იმაში, რომ ქვეყანას აშკარად სჭირდება კრიზისიდან გამოყვანა და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, მნიშვნელოვანია.

ვისაუბრეთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე და კრიზისზე, რომელიც არის. ქალბატონი სალომე აბსოლუტურად, ადეკვატურად აფასებს ვითარების იმ სიმძიმეს, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ არის. ვთანხმდებით, რომ ვითარებას შველა სჭირდება და გამოსავალი მოსაძებნია. კონკრეტულ სქემაზე და გეგმაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, თუმცა, მოსაზრებები გავცვალეთ, როგორ ხედავს ის ამ პროცესის გააქტიურებას, მეც ჩემი მხრიდან ვუთხარი, რა მიმაჩნია მნიშვნელოვნად იმისათვის, რომ პროცესი გააქტიურდეს და როგორმე უნდა გავაგებინოთ „ქართულ ოცნებას“ რომ მათთვისაც კარგი იქნება, თუ დროულად მოვლენ გონს.

ზოგადად, არ ვარ აღფრთოვანებული ფართომასშტაბიანი ამნისტიით. ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ სამართლიანობას ეზეიმა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არის კრიზისი, ესეც მსოფლიოდან მიღებული პრაქტიკა არის, რომ შეიძლება დაიწყოს ფართომასშტაბიანი ამნისტიაზე საუბარი იმისთვის, რომ პოლიტიკური კრისიზი მოიხსნას. აქ საუბარი არ არის იმაზე, ვინ იჯდეს ციხეში, ან არ იჯდეს, ან ვინმე უფრო კომფორტულად გრძნობდეს თავს. აქ ამოცანა არის ის, რომ არსებულმა ვითარებამ კიდევ უფრო მეტ ჩიხში არ შეგვიყვანოს, უფრო მეტი დაპირისპირება არ შექმნას, კიდევ უფრო არ გამწვავდეს ურთიერთობები იმ ადამიანებს შორის, ვისაც ჰგონია, რომ ხვალ თუ ხელისუფლებიდან წავა, დაიჭერენ, ან ვისაც ჰგონია, რომ თუ ხელისუფლებაში არ მოვა, დაიჭერენ. სანამ ასეთი ჩაკეტილი წრე იქნება, ყოველთვის იქნება ძალიან მწვავე, არა პოლიტიკური, არამედ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ხელისუფლებისთვის, რაც ქვეყანას აზარალებს.

აქ მნიშვნელოვანია რამდენად ღრმად შევა ქალბატონი სალომე არ პროცესში და მე ვისურვებდი, ვუთხარი კიდევაც, რომ სულ ველოდებოდი როდის გაბრაზდებოდით და ვიცოდი, რომ არ მოითმენდით იმ ვითარებას, რაც არის-მეთქი. მინდა, რომ ქალბატონი სალომე კიდევ უფრო მეტად გაბრაზდეს და მაქსიმალურად, ღრმად შევიდეს ამ პროცესში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ოპოზიციის წარმომადგენელი გახდეს. სიღრმისეულად ამ პროცესში შესვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას, რომ 7 ნოემბრის საქმეზე ნინო ბურჯანაძის დაკითხვა სურთ, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ მისი ადვოკატების ინიციატივაა.

მისივე თქმით, „სააკაშვილი მე არ და ვერ მიბარებდა მაშინაც კი, როდესაც ის პრეზიდენტი იყო და მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი.“

„ეს არ იყო სააკაშვილის მოთხოვნა, ეს იყო მისი ადვოკატების ინიციატივა. ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ინიციატივა, არ ვიცოდი ამის შესახებ. ადვოკატები თვლიან, რომ ჩემი შეფასებების დადასტურება მათთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ხელისუფლებისთვის. მე სააკაშვილისთვის ბრალი არ წამიყენებია 7 ნოემბრის საქმეზე, ვერც წავუყენებდი, რადგან ჩემი თანდასწრებით არცერთი დანაშაულებრივი ქმედება არასოდეს დაგეგმილა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეც ვიქნებოდი დამნაშავის თანამონაწილე. პოლიტიკურად ვაფასებდი იმ მოვლენას, რასაც 7 ნოემბერი ერქვა“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა