მამუკა გამყრელიძე - ნატოს საქართველოსა და უკრაინაზე მიცემული პირობის დარღვევა ძალიან გაუჭირდება - ეს მისთვის უმძიმესი რეპუტაციული დარტყმა იქნება

რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური პრესკონფერენცია და დასავლეთის რეაქცია კიდევ ერთი ნიშანია, რომ „პიარ - ომი“ ცხელ ფაზაში შევიდა. ეს ვერბალური შეხლა-შემოხლა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც საარტილერიო მომზადება მოლაპარაკებების წინ. მოლაპარაკებები კი აუცილებლად შედგება და მასზე სავარაუდოდ ცენტრალური საკითხები იქნება არ მოხდეს ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით და ასევე, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში ნატოს სარაკეტო კომპლექსების დაყენება. ეს მხოლოდ ორი პუნქტია რუსეთის რვაპუნქტიანი მოთხოვნებიდან, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის პრეკონფერენციაზე გაჟღერდა საქართველოსთვის საინტერესო თემები, რომელიც მოიცავს რუსეთის ურთიერთობას დასავლეთთან და სიტუაციას უკრაინის გარშემო.

„ მთავარი გზავნილი მაინც ეხებოდა დასავლეთს. იყო დასავლეთის ჩვეული დადანაშაულება რუსეთის “გადაგდებასა” და ორპირობაში და რუსეთის ყველა აგრესიის გამართლება დასავლეთის მიერ შეთანხმებების დარღვევაში. იყო ერთი ძალიან საინტერესო პასაჟი, რომ კრემლი მზად არის მოლაპარაკებებისთვის დასავლეთთან, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ეუთოს ეგიდითაც რუსეთის მიერ ულტიმატუმის ფორმაში დაყენებული მოთხოვნების გარშემო. პუტინმა განაცხადა, რომ უკვე არის დასავლეთის მხრიდან პოზიტიური რეაქცია და იმედი გამოთქვა, რომ იანვრის დასაწყისში ეს მოლაპარაკებები დაიწყება. მოგვიანებით, პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სავარაუდოდ დაიწყება ჟენევაში და უკვე შერჩეულია რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად ლავროვის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ცხადია, არ დააყოვნა რეაქციამ თეთრი სახლიდან. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია იანვარში. მანამდე ჯინ პსაკიმ განაცხადა, რომ კრემლმა ძალიან ბევრი მოთხოვნა წარმოადგინა. თეთრი სახლი “…რაღაცებზე შეიძლება დაეთანხმოს და რაღაცებზე, მაგალითად იმაზე, რაც ნატოს ეხება, არა.” საინტერესო იყო იენს სტოლტენბერგის რეაქცია, რომელმაც განაცხადა, რომ ნატოს არასდროს მიუცია პირობა, რომ არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით და ამიტომ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთი “გადააგდეს” სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე დაამატა, რომ ნატოს დამფუძნებელი დოკუმენტის მიხედვით ევროპის ყველა ქვეყანას აქვს უფლება გახდეს ნატოს წევრი.

კრემლმა მაქსიმალურად გაბერა მოთხოვნების ნუსხა, რომ მიაღწიოს წარმატებას ორ საკითხში - არ მოხდეს ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით და ასევე, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში ნატოს სარაკეტო კომპლექსების დაყენება. გარდა იმისა, რომ კრემლი ულტიმატუმის სახით აყენებს ამ მოთხოვნებს ის ჯარების რაოდენობასაც ზრდის. დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ჩქარობს, რადგან მას სჭირდება გამოიყენოს ზამთრის ცივი დღეები. ასეთ პერიოდში უფრო ადვილია გაზით სპეკულირება ევროპასთან და რუსეთის ტანკებისთვისაც სწორედ ასეთ ამინდში უფრო ადვილია გადაადგილება. დღეს ლავროვმაც გააფრთხილა ევროპა შესაძლო მასშტაბური კონფლიქტის შესახებ რუსეთის ულტიმატუმზე დასავლეთის უარის შემთხვევაში.

იმედია, ეს სიტყვიერი ბრძოლა არ გადაიზრდება ცხელ დაპირისპირებაში და მხარეებს ეყოფათ გონი შეთანხმდნენ კომპრომისულ ვარიანტზე. ერთი ცხადია, ნატოს საქართველოსა და უკრაინაზე მიცემული პირობის დარღვევა ძალიან გაუჭირდება. ეს მისთვის უმძიმესი რეპუტაციული დარტყმა იქნება. აქ უმნიშვნელოვანესი იქნება თეთრი სახლის და კონკრეტულად ჯო ბაიდენის პოზიციის სიმტკიცე”, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო