ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე - ახლა არათუ გაუქმება, არამედ ერთი სამსახურის ორით ჩანაცვლება  მოხდება

ახლა არათუ გაუქმება, არამედ ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორით მოხდება, გამოძიების ნაწილში ამ სამსახურს ფუნქციებიც კი ემატება, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეფასებით, პრაქტიკულად საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ ინსპექტორის სამსახურში ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა ყოფილიყო გამოძიებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურები.

„თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზნების გამო ეს არ მოხერხდა. ახლა არათუ გაუქმება, არამედ ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორით მოხდება. გამოძიების ნაწილში ამ სამსახურს ფუნქციებიც კი ემატება. თავის დროზე გუნდის უმრავლესობა იყო იმის მომხრე, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მაგრამ პოლიტიკური საკითხების გამო ეს არ მოხერხდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო