არჩევნების დასრულებასთან ერთად, თბილისის მერიამ გამოიტანა ისეთი ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებს თბილისელების ფინანსურ მდგომარეობას, ძვირდება ტრანსპორტი, ძვირდება დასუფთავების გადასახადი, მნიშვნელოვანი ცვლილებები არის პარკინგის სისტემაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი დააწვებათ ამ სექტორის მომხმარებლებს, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ყოველივე დედაქალაქის მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.
"საბოლოოდ, ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, სადაც დედაქალაქის ბიუჯეტი არ ქმნის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობას, ხოლო დედაქალაქის ადმინისტრაცია აძვირებს მის მიერ შეთავაზებულ ყველა ძირითად სერვისს. ეს არის სიღარიბის, უპერსპექტივობის ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც ადამიანებს აძლევენ არა ანკესს, რომ საკუთარი ოჯახები თავად გამოკვებონ, არამედ აძლევენ თევზს დახმარების სახით და არანაირ პერსპექტივას არ სთავაზობენ",-განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, "ლელო" მოითხოვდა, რომ დასუფთავების გადასახადის საკითხის განხილვა გადავადებულიყო, თუმცა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.
"სამწუხაროდ, დღეს საკრებულოს თბილისის მერია უყურებს როგორც ფორმალურ დაწესებულებას და აქ საკითხები მხოლოდ ფორმალური თანხმობისთვის შემოდის",-განაცხადა ბუაძემ.