მამუკა გორგოძე კლუბ „სოხუმის“ პატარა მორაგბეებს შეხვდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე კლუბ „სოხუმის“ პატარა მორაგბეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს. შეხვედრა „თეგეტას“ დახმარებით გაიმართა.

როგორც სარაგბო კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელმა ლევან ჯობავამ განაცხადა, პატარა მორაგბეები შეხვდნენ ლეგენდას.

„არავითარი აჟიოტაჟი არ ყოფილა, იდგნენ მწკრივში, მოწესრიგებულად და როგორც ყველა სიტუაციაში, დისციპლინას მიჩვეულები, ახლაც მხოლოდ სახეზე შეატყობდით, დიდ სიხარულს. რაც მეტი დრო გავა, ეს შეხვედრა, მათთვის, კიდევ უფრო ფასეული გახდება - ჯერ ბავშვთა ასაკში არიან, შემდეგ გადავლენ „ჭაბუკებში“, ბოლოს კაცთა ასაკში ითამაშებენ. ყველა ამ ეტაპზე თავიდან მიხვდებიან, რა მასშტაბის ფიგურას შეხვდნენ და მამუკას სიტყვები, „მთავარია მონდომება“ ბევრად უფრო ფასეული და მნიშვნელოვანი გახდება მათთვის“, - განაცხადა ლევან ჯობავამ.

როგორც „თეგეტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სოხუმი“ 2017 წლის შემოდგომაზე შეიქმნა.

„თუმცა, ყველაფერი, 2013 წელს დაიწყო, როცა ლევან ჯობავა და დავით დგებუაძე რაგბის სამოყვარულო კლუბ „ხალიბებში“ შეხვდნენ. შემდეგ რამდენიმე წელი, დავით დგებუაძე, გერმანიაში რაგბის თამაშობდა. ჩამოსვლისთანავე კი გადაწყვიტეს, ახალი კლუბი შეექმნათ. თავდაპირველად, ეს იყო სოციალური პროექტი და ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილი, 2007-2008 წლებში დაბადებული ვაჟები თამაშობდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ამიტომ, სახელზე ბევრი არ გვიფიქრია. თან, გვინდოდა „სოხუმი“ ქართულ რაგბიშიც გაჟღერებულიყო და გამარჯვებებთან ყოფილიყო ასოცირებული“, - განაცხადა ჯობავამ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნელ-ნელა „სოხუმი“ სოციალურ ფარგლებს გასცდა და სპორტულ პროექტად იქცა; ბიჭები სულ უფრო მეტ თამაშს იგებდნენ და ვარჯიშებსაც კიდევ უფრო მეტი სერიოზულობით უდგებოდნენ. ამ ყველაფერთან ერთად, გაიზარდა კლუბის ხარჯებიც. 2021 წლის ზაფხულში, ახალი სეზონის დასაწყებად, 38 000 ლარი იყო საჭირო.

„ერთ დღესაც, დაგვიკავშირდნენ Tegeta Truck and Bus-ის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ მიმდინარე სეზონზე, ეს კომპანია ჩვენი გენერალური სპონსორი იქნებოდა და სრულად გაიღებდა საჭირო თანხას“, - აღნიშნა ჯობავამ.

მისივე ინფორმაციით, ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯების გარდა, თანხით მორაგბეებისთვის ახალი ფორმები შეკერეს. კლუბის ერთ-ერთი წევრის ოჯახის ნაკვეთზე, მისი მამის ხელმძღვანელობით, ბიჭებმა საკუთარი ხელით ააშენეს გასახდელი, რომელიც კლუბს მანამდე არ ჰქონდა.

„კომპანია „თეგეტასთან“ მეგობრობით, აბსოლუტურად სხვა, საინტერესო ეტაპი დაიწყო ჩვენი კლუბისთვის - გვაქვს ინტერვიუები, გადაღებები, აქტიური საინფორმაციო კამპანია გვეხმარება პოპულარიზაციაში. ბევრმა ადამიანმა გაიცნო „სოხუმი“ და ნახა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. შემდეგ იყო ძალიან დატვირთული სეზონი, ვარჯიშები, თამაშები. წლის დამაგვირგვინებელი ამბავი კი იყო მამუკა გორგოძის სტუმრობა.

ძალიან გახარებულები ვიყავით ჩვენ, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, ჩვენი მორაგბეები. საჩუქრად „სოხუმის“ ფორმა გადავეცით, ჩარჩოში ჩასმული, მან კი სავარჯიშო გადასაცმელები გადასცა ბიჭებს და გვაჩუქა ბურთი თავისი ხელმოწერით“, - განაცხადა ჯობავამ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პატარა მორაგბეებმა საჩვენებელი ვარჯიშიც ჩაატარეს და მამუკა გორგოძესგან რჩევებიც მოისმინეს, ხოლო ამ შეხვედრიდან მეორე დღეს, 15 წლამდე ჯგუფს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა შეხვედრა. ეს თამაში მოიგეს და როგორც ლევან ჯობავა ამბობს, მათზე ძალიან კარგად იმოქმედა მამუკას ჩამოსვლამ.

„მას არ უსაუბრია, როგორ უნდა გაკეთდეს ბოჭვა. გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო - ჩვენთან გუნდში, მოთხოვნისა და ღირებულებების ნაწილში, პირველი არის დისციპლინა და მეორე ურთიერთპატივისცემა. პატივისცემა მოწინააღმდეგის, გუნდელის, მწვრთნელის, მაყურებლის. დისციპლინირებული ადამიანები, რომლებიც კარგად ვარჯიშობენ, პატივს სცემენ სხვას და საკუთარ თავს, უმეტეს შემთხვევაში, მოგებულები დარჩებიან. ჩვენი ამოცანაც ეს არის.

ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა და სიტყვები, რაც მამუკამ გააჟღერა იყო - „მთავარია მონდომება“. თითქოს, მარტივი სიტყვებია და ყველამ იცის, რომ ასეა. მაგრამ ამას მამუკა გორგოძე რომ გეუბნება და იცი, რომ ზუსტად ამ მონდომებამ მიიყვანა ის მსოფლიოს საუკეთესო 8 ნომრობამდე, ბიჭებმაც დაიჯერეს, რომ შეუძლიათ გახდნენ, მამუკას დონის მორაგბეები“, - განაცხადა ჯობავამ.

„როგორ გაგრძელდება „სოხუმისა“ და „თეგეტას“ მეგობრობა, ამას, ალბათ, მალე გავიგებთ. მანამდე კი სარაგბო კლუბი, ზამთრის არდადეგების შემდეგ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება - ვარჯიშები, თამაშები, შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრები, სოციალური და გარემოსდაცვითი აქციები და კიდევ ბევრი აქტივობა, რაც გუნდის წევრებს, სპორტსმენებთან ერთად, დისციპლინირებულ, პასუხისმგებლობიან ადამიანებად აქცევს“, - ნათქვამია „თეგეტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!