დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 42 დეპუტატმა მიიღო, საიდანაც 5 წინააღმდეგი იყო, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.

ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბიუჯეტი სწორედ იმ პროგრამებზე და პროექტებზე იქნება მიმართული, რომელთა განხორციელებას თბილისის მერი მოსახლეობას დაჰპირდა.

„თბილისში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების ჯამი გახლავთ მილიარდ 545 მლნ ლარი. აქედან საბიუჯეტო ნაწილი არის მილიარდ 305 მლნ ლარი, ხოლო დანარჩენია სესხის ნაწილი, რომელიც შეადგენს 240 მლნ ლარს. საშემოსავლო ნაწილი: ეს არის პრივატიზაცია - 75 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები - 757 მლნ ლარი, მათ შორის, 210 მლნ არის ქონების გადასახადი, ხოლო 547 მლნ - დამატებული ღირებულების გადასახადი; სპეციალური ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აძლევს მუნიციპალიტეტს, არის 225 მლნ ლარი, რომელიც მიმართულია პირდაპირ პროექტებზე, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის მომსახურების მიზნით 43 მლნ 500 ათასი ლარი. სხვა შემოსავლები შეადგენს 203 მილიონს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერმა ისაუბრა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც, რომელიც გათვალისწინებულია როგორც გარდამავალი, ასევე იმ ახალ პროექტებისთვის, რომლებიც 2022 წელს დაიწყება.

ირაკლი ხმალაძემ ასევე განმარტა, თუ რა საჭიროებებს მოხმარდება სესხი.

„100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი - ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი - პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი შუქნიშნების პროექტისთვის, 30 მლნ - ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 8 მლნ ლარი - დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

დღესვე საკრებულოს წევრებმა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, გადახდის ახალი საბარათე სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს, რომლის შედეგადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ულიმიტო საბარათე სისტემაზე გადადის. საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებში (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტში (მეტრო), საბაგირო გზაზე „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრობის ღირებულების გადახდა ახალი სისტემით მოხდება. მგზავრობის ტარიფის გადახდის შემდეგ პირი 90 წუთის განმავლობაში იმგზავრებს ულიმიტოდ, იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობის დაწყებისას აიღებს სამგზავრო ბილეთს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში უფასოა. აღსანიშნავია, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებს ცვლილება არ შეეხება და ისინი კვლავ დღეის მდგომარეობით მათთვის მოქმედი ტარიფით ისარგებლებენ.

რაც შეეხება ვადიან სამგზავრო ბარათებს, მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებში, მეტროსა და საბაგიროში. ბარათით სარგებლობისას დაცული უნდა იყოს არანაკლებ 15 წუთიანი ინტერვალი, ამასთან გადახდის სისტემაში ყოველი მგზავრობის დაწყებისას უნდა დაფიქსირდეს ვადიანი სამგზავრო ბარათი.

ვადიანი სამგზავრო ბარათების ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 დღე - 3 ლარი ; 1 კვირა - 20 ლარი ; 1 თვე - 40 ლარი; 3 თვე - 100 ლარი ; 6 თვე - 150 ლარი; 1 წელი - 250 ლარი. ვადიანი სამგზავრო ბარათებით სარგებლობა ძალაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა.

გარდა ამისა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს და შესული ცვლილების თანახმად M2 კატეგორიის ავტობუსების ის მარშრუტები აისახა, რომლებიც მთავრობის მიერ ხაზებზე სატესტოდ უკვე მოძრაობენ.

ცვლილება შევიდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებასა და „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის დადგენილებებში. პროექტის თანახმად,ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით შემდეგნაირად დგინდება: 1 დღე - 20 ლარი; 1 კვირა - 100 ლარი; 1 თვე - 300 ლარი; 6 თვე - 500 ლარი; 1 წელი - 800 ლარი. აღნიშნული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების დგომა იმავე ვადით ყოველწლიური და ზონალურ საათობრივი პარკირების საფასურისგან თავისუფლდება.

დღესვე დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობას ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის“ შესახებ პროექტის ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმობა მისცა. რის შემდეგაც, საკრებულოს წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს და ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათი დაადგინეს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთი პირის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელებას ეხებოდა. ხელშემწყობი ღონისძიებები შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეებს და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონებით მოსარგებლეებს.

გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე, პარტია "საქართველოსთვის" წევრს ლევან დოლიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!
ერთად ყოფნის 10 წელი - „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოებს
ფრანგულ ბრენდ  ETAM-ის ახალი ფილიალი „დრესაპ ჯგუფისგან“
„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს