ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის დღევანდელი ბიურო იყო ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდლებისა და გენერლების სურათი

პარლამენტის დღევანდელი ბიურო იყო ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდლებისა და გენერლების სურათი, - ასე შეაფასა ბიუროს სხდომის ქვორუმის არარსებობის გამო ჩაშლა ჟურნალისტებთან საუბრისას „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვილშვილმა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს განსხვავებული აზრის ეშინია და შესაბამისად, გამიზნულად არ მოვიდნენ ბიუროს სხდომაზე, სადაც „ლელოს“ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ ალტერნატიული წინადადება უნდა დაერეგისტრირებინა.

„მმართველ გუნდს იმისიც კი ეშინია, რომ მათ აბსოლუტურად უაზრო კანონპროექტის პარალელურად განსახილველად არ დადგეს აზრიანი, გონივრული და სამართლიანი პროექტი, ამისაც კი ეშინიათ. ამიტომ დღეს გადაწყვიტეს, რომ ბიუროზე არ მოესვლებოდათ და ვერ მოვიდნენ. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მათ ეშინიათ, ყველგან ეშინიათ განსხვავებული აზრის და ყველგან ეშინიათ სიმართლის ხმის გაგონების. „ქართული ოცნება“ ძალიან ხშირად ცდილობს თავისი, ჯერ კიდევ მომხრეები დაარწმუნოს იმაში, რომ ოპოზიცია არ მუშაობს, ოპოზიცია უსაქმურია, ოპოზიციას იდეები არ აქვს, მაგრამ როგორც კი ჩვენ კონკრეტულ კანონპროექტს ვდებთ მაგიდაზე, გარბიან ბრძოლის ველიდან.

„ქართული ოცნება“ მიუხედავად მათი სისტემური მცდელობისა, ვერ აკონტროლებს და ხელიდან გაექცა მთელი რიგი მიმართულებებით პროცესები და ახლაც ცდილობენ დამატებითი საკანონმდებლო ბერკეტების ამოქმედებით სასამართლოსთან, მედიასთან მიმართებით, ინსპექტორთან მიმართებით და ა.შ ის ფანჯრებიც ამოქოლონ, საიდანაც სინათლის სხივი შეიძლება შემოვიდეს ამ საზოგადოებაში და სიმართლეს სიმართლე დაერქვას და მათი ტყუილი იყოს მხილებული. ეს არის მათი მცდელობა, რომ ტოტალური კონტროლი განახორციელონ, თუმცა ესეც იქნება უშედეგო. აქამდე არსებული საკანონმდებლო ბარიერებიც საკმაოდ ძლიერი იყო და ამის პირობებში თავისუფლებისა და დამოუკიდბელობისთვის ბრძოლა არ გაჩერებულა. რამდენი კანონიც არ უნდა მიიღონ ამ პროცესს ვერ შეაფერხებენ, რადგან ის, რასაც ისინი აკეთებენ, ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მმართველი გუნდის წევრების არ მისვლის და შესაბამისად, კვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" ალტერნატიული საკანამდებლო პროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა