გურამ მაჭარაშვილი ანა ნაცვლიშვილს - თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე

ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ლელო - საქართველოსთვის“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ბიუროს სხდომის ჩატარებამდე საკითხების განხილვის გადადებას ითხოვს.

მაჭარაშვილის ამ განცხადებამდე ნაცვლიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და განმარტება მოითხოვა, რატომ ჩაშალეს ბიუროს სხდომა, სადაც მის პარტიას „ამნისტიის შესახებ“ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტები უნდა დაერეგისტრირებინა.

გურამ მაჭარაშვილმა ნაცვლიშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის მორალურ დისკომფორტს განიცდის, როცა ოპოზიცია პარლამენტში თავის ფუნქციას არ ასრულებს.

„მორალურ დისკომფორტს ნამდვილად განვიცდი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია არ ასრულებს მთლიანად თავის მოვალეობას ისე, როგორც უნდა ასრულებდეს და მხოლოდ მაშინ შემოდის პარლამენტში, როცა თვითონ სჭირდება და მეორე - ბიუროს სხდომები როდის ჩატარდება და ბიუროს რომელი წევრი როდის მივა სხდომაზე, ეს ნამდვილად არავის გადასაწყვეტი არ არის. ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე და მე რომ გითხრათ, რეგლამენტში რისი საშუალება გაქვთ, ამაში გასაკვირი რა არის?!“ - მიმართა ნაცვლიშვილს მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის ამ განცხადების შემდეგ ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის კანონპროექტის გატანის ეშინია.

„თანამდებობა რომ გაქვთ პარლამენტში, პასუხისმგებლობა გაქვთ საზოგადოების წინაშე და გაეცით საზოგადოებას პასუხი, გაეცით პასუხი პატიმრებს და იმ ადამიანებს პოლიცია რომ ჩაგრავს, თავში ურტყამს, უფლებებს ურღვევს და ახლა გინდათ ერთადერთი გამომსარჩლებელი რომ ჰყავდა სახელმწიფო ინსტიტუციებში, ისიც გააჩუმოთ. გაეცით ამაზე პასუხი. თუ ეს გიქმნით მორალურ დისკომფორტს, თქვით და სიტყვას უკან ვეღარ წაიღებთ. მოუწოდეთ საკუთარი პარტიის წევრებს, თუ გაქვთ ამდენი ძალაუფლება პარტიაში, რომ ჩაინიშნოს ბიურო, ან გადავდოთ განხილვა. ძალიან გთხოვთ ტყუილში ნუ შეგყავთ საზოგადოება! საგნობრივი მსჯელობა რომ გვინდოდა, სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ ალტერნატიული კანონპროექტები, მაგრამ თქვენ არც საგნობრივი მსჯელობა გინდათ და არც სიმართლის მოსმენა. ამაშია პრობლემა. რატომ გეშინიათ, რომ პლენარულ სხდომაზე დადგეს ორი კანონპროექტი და საზოგადოებამ შეაფასოს თქვენი კანონპროექტი აძლიერებს ადამიანის უფლებებს თუ ჩვენი? ამის რატომ გეშინიათ?“ - მიმართა მაჭარაშვილს ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა