პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ყველა სიბრიყვეს აკეთებს იანვარში, რადგან დიპლომატები შვებულებაში არიან და მეორე, ფიქრობენ, რომ ხალხს დემოკრატიის დაცვას საცივის ჭამა ურჩევნია

„ქართული ოცნება“ თუ რამე სიბრიყვე და დემოკრატიისთვის დამაზიანებელი არსებობს, აკეთებს იანვარში. ამას ორი მოტივი აქვს: ერთი, რომ საერთაშორისო დიპლომატები არიან შვებულებაში და მეორე, ფიქრობენ, რომ ამას არ მოჰყვება საზოგადოების რეაქცია, რადგან დემოკრატიის დაცვას ხალხს საცივის ჭამა ურჩევნია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში ახალი ჩანაწერების შეფასებისას განაცხადა, ეს „ქართული ოცნების“ სისუსტით არის გამოწვეული და მათ, ნებისმიერი განსხვავებული აზრის ეშინიათ.

„დისციპლინარულ ზომად ადამიანი, რომელიც ერთ სისტემაში არ ვარგა, გადაიყვანო პერიფერიებში, უვარგისი მოსამართლე, არასწორია. თუ ერთიან სისტემას ვაღიარებთ სასამართლოების, როგორ შეიძლება მოსამართლე, რომელიც არ ვარგა თბილისში, კარგი იყოს წალენჯიხაში, ან ჩხოროწყუში, ეს არის აბსურდი. რაც შეეხება კვორუმის დაწევას და ბოლო ცვლილებებს, მათ შორის, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და სასამართლოსთან დაკავშირებულს, მედიასთან დაკავშირებულს - „ქართული ოცნება“ თუ რამე სიბრიყვე არსებობს და დამაზიანებელი დემოკრატიისთვის, აკეთებენ იანვარში ორი მოტივით, რომ საერთაშორისო დიპლომატები არიან შვებულებაში და მეორე, ფიქრობენ, რომ ამას არ მოჰყვება საზოგადოების რეაქცია, რადგან დემოკრატიის დაცვას ხალხს საცივის ჭამა ურჩევნია. ორივე მიდგომა არასწორია და "ქართული ოცნება" მიიღებს ამაზე შესაბამის პასუხს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ასევე, გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება ისეთი სისტემა, რომელიც არ ექვემდებარება პარტიულ დიქტატს. მისივე თქმით, სახალხო დამცველთან დაკავშირებით კონსტიტუციური გარანტიები რომ არ იყოს, "ქართული ოცნება" მასაც სიამოვნებით გაუკეთებდა ლიკვიდაციას.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არ ემსახურება სისტემის გაძლიერებას, პირიქით, ეს არის დასუსტება, რადგან სისტემის გაძლიერება და ქმედითუნარიანობა იზომება რამდენად დამოუკიდებელია მისი მმართველობითი რგოლი. თავისუფლად იყო შესაძლებელი ამ სისტემის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვის გამოყოფა, მაგრამ ეს არ ხდება, ხდება მთელი სამსახურის გაუქმება და ლიკვიდაცია - ეს მიუთითებს "ქართული ოცნების" ფარულ ნებაზე, რომ მათ, პარტიულ დიქტატს არ სჭირდება ისეთი სისტემა, რომელიც არ ექვემდებარება პარტიულ დიქტატს. საქართველოში სამწუხაროდ, ყველაფერი ექვემდებარება ერთი პარტიის დიქტატს და გამონაკლისს წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი და მათ ეს არაერთხელ დაადასტურეს. კონსტიტუციური გარანტიები რომ არ იყოს, სახალხო დამცველთან დაკავშირებით, მასაც სიამოვნებით გაუკეთებდა ლიკვიდაციას "ქართული ოცნება". ეს რეფორმა მიღებულია 2018-2019 წლებში, ამ უმრავლესობის მიერ სამი მოსმენით, ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რომ ეს გააკეთეს მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნები ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ ნაწილთან დაკავშირებით. პერსონალური ინსპექტორი ცალკე არსებობდა და "ქართულმა ოცნებამ" ზარ-ზეიმით გააერთიანა და ახლა რაც თავად ქნეს, არ მოსწონთ თავის ნახელავი და ჩვენ გვთხოვენ პასუხს. მე შესაძლებლად მივიჩნევ გამოეყოს პერსონალური მონაცემები, მაგრამ არა ჩქარა, ხალხის ზურგს უკან ფარულად და განხილვების გარეშე, არამედ ფართო დისკუსიით“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო