გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე თინა ბოკუჩავას მიხეილ სააკაშვილის წერილის წაკითხვის უფლება არ მისცეს და მიკროფონი გაუთიშეს

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას მიხეილ სააკაშვილის წერილის წაკითხვის ნება არ დართო, სიტყვით გამოსვლისას მიკროფონი გაუთიშა და სხდომაზე 5 წუთიანი შესვენება გამოაცხადა. სხდომაზე, სადაც „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ ახალ კანონპროექტს განიხილავენ, ბოკუჩავას სურდა, წაეკითხა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გზავნილი, სადაც წერს, რომ კლინიკიდან მის გადაყვანას აპირებდნენ. სარჯველაძემ ბოკუჩავას მოუწოდა, შეეწყვიტა წერილის კითხვა, რაზეც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას წინააღმდეგობა გაუწია.

„ამას არ გავაკეთებთ, შევწყვეტთ სხდომას! ძალიან გთხოვთ, ამას შევეშვათ! ქალბატონო თინა, თუ შეიძლება რომ შეწყვიტოთ! მანდატურს ვთხოვ, თუ შეიძლება გააჩეროთ. ეს გამოქვეყნდა და წაიკითხავენ ადამიანები, დროს გვართმევთ. კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვა გაქვთ? არ არის სწორი, რასაც აკეთებთ! ქალბატონო თინა, შემიძლია დაგპირდეთ, რომ სხდომის შემდეგ ამაზეც დაგელაპარაკებით. დეკლამაციისთვის იღებთ კითხვას, არაა ეს სწორი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მანამდე თინა ბოკუჩავამ სხდომაზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის უდიდესი დარტყმაა.

„ჩვენ დღეს საგამონაკლისო წესით ინდივიდუალურ რეჟიმში შემოვედით ამ სხდომაზე საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ მართლა ვთვლით, რომ ეს ქვეყნისთვის, მისი ინსტიტუციებისთვის, დემოკრატიული მმართველობისთვის უდიდესი დარტყმაა და ავტორიტარული მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯია. ბატონებო, ნუ გეწყინებათ, როდესაც ამგვარ შეფასებებს მოისმენთ არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამათავრობო ორგანიზაციების მხრიდან. დიახ, თქვენ გადადგით მორიგი ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი განხილვა კონკრეტულ შედეგამდე არ მიგვიყვანს და არ გადაავადებთ კანონპროექტის მიღებას იმ დრომდე, სანამ საფუძვლიანად არ ჩაერთვება ინსპექტორის სამსახური, არასამთავრობო სექტორი და არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ქალბატონმა ლონდა თოლორაიამ ამოწუროს საკუთარი ვადა და მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს რესტრუქტურიზაცია - რასაც თქვენ ეძახით, ხოლო ჩვენი გადმოსახედიდან - დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმება“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ დეპუტატებს კითხვით მიმართა, დაასახელონ ხარვეზები, რის გამოც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორი ფუნქციის დაშლა იგეგმება.

„2018 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მიიღეთ ეს კანონი ამ ფორმით და ორივე ფუნქცია ერთ ინსტიტუტს დაუქვემდებარეთ, რა კონკრეტული ხარვეზი გამოვლინდა, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი რამაც განაპირობა ის, რომ შლით ამ ინსტიტუტს. ორი ახალი უწყების ხელმძღვანელი იქნება არა დამოუკიდებელი პროფესიონალი, არამედ მმართველი გუნდის მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანი, რომელიც ვერ გამოიჩენს პროფესიონალიზმს და დამოუკიდებლობას. თუ ასეთი ხარვეზი არ არსებობს და თუ ასეთ ხარვეზს ვერ დამისახელებთ, შემთხვევით, ამ სამსახურის გაუქმების რეალური მიზეზი ხომ არ არის ის, რომ მთელ რიგ საქმეებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი შესაძლო დასკვნების ალბათობა არსებობს, მათ შორის იმ დასკვნის, რომელსაც დადებს სახელმწიფო ინსპექტორი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობაზე, როდესაც რუსთავის ციხიდან გლდანის საპყრობილეში გადაიყვანეს. გუშინაც პრეზიდენტი სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ სხდომის განახლებისას ბოკუჩავას მიხეილ სარჯველაძემ შემდეგნაირად მიმართა: „დასანანია, რომ მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის საკითხი თქვენი მხრიდან პოლიტიკურად სენსიტიურად განიხილება“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს