გიგა ჭიკაძე - თქვენი მხარდაჭერა მაძლევს ძალას, დიდ ასპარეზზე გავაცნო  მსოფლიოს საქართველო

განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც 27 დეკემბერს გაიმართა, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოს მფლობელი წარმატებული ქართველი კიკბოქსიორი, გიგა ჭიკაძე გახდა, რომელიც შესულია მსოფლიო ათეულში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „დიასპორის დაჯილდოება 2021" ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ პრიზის მიღება. მიხარია, თქვენგან ასეთი მხარდაჭერა რომ მაქვს! ვემზადები მომდევნო ასპარეზობისთვის იანვრის დასაწყისში და ვგრძნობ თქვენს ასეთ მხარდაჭერას, რაც ყოველთვის მაძლიერებს და ორმაგ ძალას მაძლევს, რომ ძალიან დიდ ასპარეზზე გავაცნო მსოფლიოს საქართველო, ჩვენი ისტორია, ჩვენი სიძლიერე. ძალიან დიდი მადლობა ამ პრიზისთვის! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს", - განაცხადა ჭიკაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„დიასპორის დაჯილდოება 2021"-ის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჯილდო ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ ამერიკაში მოღვაწე მსახიობს და რეჟისორს ირაკლი კავსაძეს, პიანისტ ლექსო თორაძეს და თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელს ომარ ფარუქ დემირთაშს. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ საფრანგეთში მოღვაწე მეცნიერი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე და ოქსფორდში ქართული ენის კურსების ხელმძღვანელი ლია ჩოკოშვილი. სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა წარმატებულ ქართველ კიკბოქსიორს გიგა ჭიკაძეს, ხოლო სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოები გადასცეს ამერიკაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს მამუკა წერეთელს და სლოვაკეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს და მეცენატს ნოდარ გიორგაძეს.

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს მფლობელები გახდნენ ხატია ხაბულიანი, რომელიც ეხმარება რუსთავის ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარს და ნიდერლანდებში ჩაატარა არაერთი საქველმოქმედო კონცერტი და ვიქტორ სირელსონი, რომელიც 1996 წლიდან მხარს უჭერს ამერიკაში წასულ ქართველ ხელოვანებს და დაარსა ქართული ცეკვისა და სიმღერის არაერთი ჯგუფი. ხოლო ნომინაციაში საქართველოს უცხოელი მეგობარი ჯილდოები გადაეცათ ენდერს ვინბუშს, რომელიც 90-იანი წლებიდან არის საქართველოს ლობისტი ამერიკაში და ლასლო ბორჰის, რომელმაც ბუდაპეშტის უნივერსიტეტში დაარსა ქართველოლოგიის კათედრა. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს