ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით გარანტირებულად არჩეული პირია, რომელსაც ჯვარი სწერია და, თუ არ გარდაიცვალა ვერაფერი უნდა შეეხოს - კონკრეტულ ადამიანს იშორებთ გზიდან

სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის მიერ ექვსი წლის ვადით გარანტირებულად არჩეული პირია, რომელსაც ჯვარი სწერია და, თუ არ გარდაიცვალა ვერაფერი უნდა შეეხოს - თქვენ კონკრეტულ ადამიანს იშორებთ გზიდან, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

ნაცვლიშვილის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებით საშიში სტანდარტი იქმნება.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის სავალალო თვითდაზიანება და კონკრეტული პირის თავიდან მოშორებაა.

"ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით, გარანტირებულად არჩეულ ადამიანზე, რომელსაც ჯვარი სწერია და პრაქტიკულად, დღეს კანონში ჩანაწერით, თუ არ გარდაიცვალა ვერაფერი შეეხება, ან თუ რაიმე სერიოზული დაავადება არ შეეყარა და თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა... ლონდა თოლორაია რომ აირჩია პარლამენტმა, მათ შორის თქვენც, აირჩიეთ 6 წლის ვადით! კანონში ჩაწერეთ, რომ ვერავინ მას ვერ შეეხებოდა. ეს არის ინსტიტუციის დამოუკიდებლობის გარანტი. ახლა ამ რეფორმის საფარქვეშ, მარტო ტექნიკურად კი არ ყოფთ ერთ უწყებას ორად, კონკრეტულ ადამიანს იშორებთ გზიდან. მაინტერესებს, ეს რამდენად კონსტიტუციურია და პარლამენტის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა მიგაჩნიათ თუ არა, რომ არის უკიდურესად სავალალო თვითდაზიანება პარლამენტარიზმის მისამართით?! - ადამიანს ორი წლის წინ რომ ენდობოდით, ამ ორ წელიწადში რაღაც ისეთი ჩაიდინა, ერთის მაგივრად ორ უწყებას ქმნით, მაგრამ მისთვის არცერთი არ გინდათ. გინდათ მოიცილოთ ერთიდანაც და მეორედანაც. ეს სტანდარტი შეიძლება სხვა თანამდებობის პირებზეც გავრცელდეს. დღეს გასაუბრება რომ გქონდათ მოსამართლეობის კანდიდატთან, რომელმაც უნივერსიტეტი ვერ თქვა სადაც სწავლობდა, ხვალ ან ზეგ რომ დაამტკიცებთ, ეს სტანდარტი მასზეც გავრცელდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ საშიში სტანდარტია თქვენს მიერვე არჩეული უმაღლესი პირების მიმართ?!“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა. ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება: - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს