ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენელს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზსა და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამართულ შეხვედრას ასევე ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მაიკე ვან კოლდამი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუს მასკიევიჩი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, საბერძნეთის ელჩის მოადგილე გიორგოს პაპანიკოლაუ, რუმინეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ისპას დრაგოში, იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა იორიო, ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი პეეტერ პალსი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად - ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს კომიტეტების სხდომებზე განიხილა.

შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესისა და სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ლონდა თოლორაიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რაც გახდა საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის კონსპირაციულად, სასწრაფო წესით შემუშავების მიზეზი.

„წარმოუდგენელია სამსახურის ამ მასშტაბის რეფორმა თავად სამსახურის ჩართულობის გარეშე. არ არსებობს ამ ფორმითა და მეთოდების უწყებების დაშლის პრეცედენტი. სამსახურის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება არის ძალიან ცუდი გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის. საქართველოს პარლამენტს არ დაუსვამს არცერთი კითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა მედიის საშუალებით. მაშინ, როცა ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი სამსახურის გაძლიერების შესახებ, თურმე პარლამენტი კონსპირაციულად წერდა სამსახურის გაუქმების კანონპროექტს. ეს ,,რეფორმა“ არის სამსახურის დასჯა კანონიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებისთვის“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ პროცესების არაგამჭვირვალედ და დაჩქარებულად წარმართვაზე. ამასთან, აღნიშნეს რომ ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მნიშვნელოვანია ყველა პროცესი განხორციელდეს დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ფართო განხილვის გზით. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში. მათი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დიპლომატიური კორპუსის ასეთი ფართო შემადგენლობით წარმოდგენა, კიდევ ერთხელ გამოხატავს მათ დიდ მხარდაჭერას სამსახურის მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო