პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს.

განსახილველად დაჩქარებული წესით უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივა გადის, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება. ამასთან, ახალი დისციპლინური სახდელები შემოდის.

პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მოხდება.

მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა.

როგორც ამასთან დაკავშირებით პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს ლახავს და საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ამავე პროექტით, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

კანონპროექტით წარმოდგენილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება - კერძოდ კი, განახევრება ყველა ეტაპზე, რაც ინიციატორთა შეფასებით, სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება.

ამავე ცვლილებებით, მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა იზრდება. როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინება ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.

„პრაქტიკამ ცხადყო, რომ მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების დღეს მოქმედი მაქსიმალური ვადები არასაკმარისია სასამართლოების გადატვირთულობისა და იქ განსახილველ საქმეთა სიჭარბიდან გამომდინარე", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვით, არ შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირი ზედიზედ ორჯერ აირჩეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს