სალომე სამადაშვილი - ინსპექტორის სამსახურის მიმართ სადამსჯელო ოპერაცია ხდება - არ მახსენდება პარლამენტში მოსული აშშ-ის ელჩი იმ მიზნით, რომ კანონის მიღება შეჩერდეს

მინდა ყველას ესმოდეს, რომ ომბუდსმენთან ერთად ინსპექტორის სამსახური თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაში. სწორედ იმიტომ, რომ ამ ინსტიტუტმა შეასრულა საკონსტიტუციო ვალდებულებები, მის წინააღმდეგ ხორციელდება სადამსჯელო ოპერაცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეებიც ეწინააღმდეგებიან.

„სადამსჯელო ოპერაციის გარდა ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ - დაჩქარებული წესით საგანგებო სესიაზე იმ კანონპროექტის მიღებას, რომელსაც მკვეთრად და აშკარად ეწინააღმდეგებიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. არ მახსენდება პარლამენტში მოსული აშშ-ის ელჩი სწორედ იმ მიზნით, რომ შეჩერდეს კანონის მიღება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის მოტივირებული გააუქმოს მოქალაქეების დასაცავად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო.

ამასთან, ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ ალტერნატიული კანონპროექტის და მზად ვართ, რომ შევიდეთ იმ ცვლილებების განხილვაში, რომელიც აუცილებელია, თუმცა ამას სჭირდება დრო და დაჩქარებული წესით ხელისუფლების კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს და გადაიდოს შემდგომი სესიისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში ნადგურდება ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ამიტომ აბსურდია „ქართული ოცნების“ განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ჯდება იმ რეკომენდაციებში, რომელსაც დასავლელი პარტნიორები იძლევიან.

სამადაშვილის აზრით, თუკი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცვლილება არის საჭირო, ასევე განხილულ უნდა იქნას პარტია „ლელოს“ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი.

„თუ ინსპექტორის სამსახურის რეფორმა არის საჭირო, წარმოდგენილი არის ალტერნატიული კანონპროექტი და მზად ვართ, ის გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში განსახილველად და საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარლამენტის ფართო ჩართულობით მოხდეს რეალური შინაარსობრივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებები არის გასატარებელი. რაც ახლა ხდება, ეს არის ეგზეკუცია, სადამსჯელო ოპერაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტის და საჯარო მოხელის წინააღმდეგ. დავამატებ იმასაც, რომ როგორც ქალი პოლიტიკოსისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ როგორ მოექცნენ ლონდა თოლორაიას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გახდა დედა და როდესაც მას მაქსიმალურად მხარდაჭერა სჭირდეობოდა საკუთარი საქმიანობისთვის, ამ დროით ისარგებლა მმართველმა უმრავლესობამ და მის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაგეგმა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს