დედაქალაქის მერის განცხადებით, ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების შესახებ, არასწორია.

აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და ტელეკომპანია „პირველი“ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

„უნდა შევეხო ერთ სიუჟეტს, რომელიც კონკრეტულად „ტვ პირველის“ ნოდარ მელაძის გადაცემაში გავიდა. ყველამ ვიცით, მელაძის გადაცემები რაზეა დაფუძნებული და რისკენაა მიმართული: ტყუილი, ბოროტება, ტალახის სროლა. ამით საზრდოობს ეს კონკრეტული ჟურნალისტი და მისი თანამშრომლები. გასული სიუჟეტი ძალიან დიდი ტყუილი იყო, საქმე ეხება თემას, რომელიც 30 წელია ქვეყანაში არსებობს და დედაქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, ეს არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასი ოჯახი. ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვარ ის ადამიანი, ვინც ამ პროცესის მოწესრიგება დავიწყეთ. ყველა ამ ადამიანს, ყველა ოჯახს დაუბრუნდება საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც თანხა აქვთ გადახდილი. სახელმწიფომ ეს ვალი აღიარა და მოგვანიჭა უფლებამოსილება, რომ მოხდეს ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, რაც არ უნდა დეზინფორმაცია გავრცელდეს, ეს დედაქალაქის მერიის საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის.

„ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს 1 ლარად არის გადაცემული მიწები და ნაჩუქარი, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არ შეგვიყვანონ შეცდომაში. ათეულობით მილიონის ინვესტიცია უწევთ ამ კონკრეტულ კომპანიებს და მილიონობით ლარის ფართები არის გადმოსაცემი მერიისთვის იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ოჯახები დაკმაყოფილდნენ, რა თქმა უნდა, საბანკო საგარანტიო უზრუნველყოფით, რომ ხვალ, ზეგ ვიღაც არ გაიქცეს და ეს მიწის ნაკვეთები ისე არ დარჩეს. ჩვენ უნდა შევძლოთ მისი დასრულება და ამ ადამიანების უზრუნველყოფა. ძალიან მიხარია, რომ 1500-მდე ოჯახი უკვე უზრუნველყოფილია“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა