ანა ნაცვლიშვილი „ლელოს“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე - შეგიძლიათ ჩააგდოთ, ძალა გაქვთ, ხმები გყოფნით, მაგრამ ამას საზოგადოება შეაფასებს, რომ შეგეშინდათ და კანონპროექტი პლენარულ სხდომამდე განსახილველად არ მიუშვით

ნებისმიერ დეპუტატს თუ ფრაქციას აქვს ალტერნატიული წინადადების დაყენების უფლება, მაშინ ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი დღეს უნდა დარეგისტრირდეს ბიუროზე - ასე ძალიან ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ პლენარულ სხდომაზე სწორი ხედვა წარმოვადგინოთ, როგორ დავეხმაროთ ინსპექტორს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „ლელოს“ ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივა აქვს მომზადებული.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მომზადებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, საზოგადოებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეაფასოს, რომელი კანონპროექტია უკეთესი.

„ყველანი ვკითხულობთ რეგლამენტს, იქ წერია, რომ ნებისმიერ დეპუტატს თუ ფრაქციას აქვს ალტერნატიული წინადადების დაყენების უფლება. თუ ეს ჩანაწერი რეგლამენტში არის რეალური და ის არ არის ფიქცია, ან თქვენ არ გინდათ, რომ ეს გახადოთ ფიქცია, მაშინ ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი დღეს უნდა დარეგისტრირდეს ბიუროზე, შემდეგ გადაეცეს წამყვან კომიტეტს, გაიმართოს კომიტეტის სხდომა, სანამ პლენარულ მოსმენაზე გამოვა პირველი მოსმენით ინსპექტორის კანონპროექტი. რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მოგვეცეს და პლენარულ სხდომაზე მოქალაქეების წინაშე თქვენ თქვენი კანონპროექტი წარმოადგინეთ, „ლელომ“ თავისი კანონპროექტი წარმოადგინოს. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ეს კანონპროექტი ჩააგდოთ. ასე ძალიან ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ჩვენ გვქონდეს დრო, პლენარულ სხდომაზე ჩვენი ალტერნატიული და ჩვენი შეხედულებით, სწორი ხედვა წარმოვადგინოთ, როგორ დავეხმაროთ ინსპექტორს, რეალური საკანონმდებლო ბერკეტებით, რომ მან უკეთესად შეძლოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და არა ისე, თუ ერთი უწყებიდან ორი უწყება აღმოცენდება, მოვატყუოთ მოქალაქეები, რომ ავტომატურად ეს მათ უკეთესად დაიცავს, რაც ასე არ არის. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ თქვენ საკუთარ თავს შეეწინააღმდეგებით. შეგიძლიათ ჩააგდოთ, ძალა გაქვთ, ხმები გყოფნით, მაგრამ ამას საზოგადოება შეაფასებს, რომ შეგეშინდათ ერთი კონკრეტული კანონპროექტის და არ მიუშვით პლენარულ სხდომამდე განსახილველად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო