ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს - გისურვებ, პარლამენტში ყველას თავმჯდომარე იყო, ოპოზიციას მოესვლებოდეს და არ იყოს შენი კაბინეტის კარი ჩარაზული

გისურვებ, რომ პარლამენტში ყველას თავმჯდომარე იყო, ოპოზიციას მოესვლებოდეს და არ იყოს ოპოზიციისთვის ჩარაზული კარი შენს კაბინეტში, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს, შალვა პაპუაშვილს.

მან პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„სასიამოვნოა ის, რომ ოპოზიციიდან ისმის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ქება. მართალია, გაუგებარია რატომ წავიდა კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი მადლობა მას. ის იყო ყველას თავმჯდომარე, არა მხოლოდ უმრავლესობის და „ქართული ოცნების“. ნებისმიერ, ყველაზე გავარვარებულ ოპოზიციონერსაც შეეძლო მასთან მშვიდად საუბარი. ჩემი აზრით, ეს გვჭირდება ამ ქვეყანაში. ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, არასდროს ვკეკლუცობთ, რომ მხარს ვუჭერთ შალვა პაპუაშვილს. პირადად მაქვს მასთან განათლების კომიტეტში ძალიან საინტერესო და საქმიანი გამოცდილება.

იყო ამ პარლამენტში შალვას მონაწილეობით უსიამოვნო ინციდენტი, თუმცა უშეცდომო არავინ ვართ, შეცდომები ყველას მოგვდის. შალვას ვუსურვებდი, ეს იყოს მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთადერთი ასეთი ინციდენტი. შალვა, გისურვებ, რომ პარლამენტში ყველას თავმჯდომარე იყო, ოპოზიციას მოესვლებოდეს და არ იყოს ოპოზიციისთვის ჩარაზული კარი შენს კაბინეტში. შეიქმნას საქმიანი სივრცე პარლამენტში, სადაც ვიფიქრებთ ქვეყანაზე, ხალხზე და ქვეყნის პრობლემებზე“,-განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო