ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები წარადგინა

უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები წარადგინა.

აღნიშნული წინადადებების გათვალისწინებით, რაც კობახიძის განმარტებით, პარლამენტში ინიცირებულ პროექტში მეორე მოსმენით მიღებამდე აისახება, უზრუნველყოფილია სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლების ორ ახალ სამსახურში გადაყვანა.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არის ცხრა დეპარტამენტი, სადაც დაახლოებით 120 თანამშრომელია. გვქონდა კონსულტაციები, შემუშავებულია პროექტი და გვაქვს ასეთი წინადადება: საგამოძიებო დეპარტამენტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ავტომატურად, კანონის ძალით საკუთარი პოზიციები შეუნარჩუნდეს. შესაბამისად, ისინი წარმოდგენილი იქნებიან ახალ საგამოძიებო სამსახურში.

რაც შეეხება, საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ეს ის დეპარტამენტებია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება. გთავაზობთ, რომ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები ავტომატურად, უკონკურსოდ წარმოდგენილი იყვნენ პენსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სამსახურში. შედარებით რთულია საკითხი, რაც ადმინისტრაციული ფუნციების მატარებელ დეპარტამენტებს უკავშიდება. ადმინისტრაციული ფუნქციებით შვიდი დეპარტამენტია დატვირთული. ამ შემთხვევაში გთავაზობთ, რომ თანამშრომლებს საკუთარი არჩევანისა და ნების შესაბამისად მიეცეთ ამ ორ ახალ სამსახურში გადანაწილების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება. ამავე ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლი ემატება. აღსანიშნავია, რომ ახალი დამატებული მუხლები პროკურატურის მუშაკებსა და საჯარო მოხელეებზე არ გავრცელდება. პროექტის მიხედვით, ახალი ქვემდებარეობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა