ბადრი ჯაფარიძე - შესაძლებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქცია გავიდეს ისე, რომ სამსახური არ გაუქმდეს

ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე მმართველ გუნდს სთავაზობს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფარგლებიდან პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია გავიდეს ისე, რომ სამსახური არ გაუქმდეს.

როგორც ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თუკი “ქართული ოცნების“ გულწრფელი სურვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული მოდელების შექმნაა, ნაბიჯი ამ მიმართულებით უნდა გადადგას.

“ის თუ როგორი პრეცედენტებია ევროპის ქვეყნებში, ამაზე თავის დროზე უნდა გეფიქრათ, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონს იღებდით. ახლა გაგხსენდათ, რომ თურმე ევროპაში საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები გაყოფილია?! ევროპული პრეცედენტები არ იცნობს პრეცედენტებს, როცა მოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილებას ორ დღეში იღებ“, - მიმართა ბადრი ჯაფარიძემ უმრავლესობის წევრებს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ამავე ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლი ემატება. აღსანიშნავია, რომ ახალი დამატებული მუხლები პროკურატურის მუშაკებსა და საჯარო მოხელეებზე არ გავრცელდება. პროექტის მიხედვით, ახალი ქვემდებარეობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა