სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - იურიდიულად  შესაძლებლობა არა გაქვთ თუ როგორ შეიძლება ომბუდსმენს უფლებამოსილება შეუწყვიტოთ, თორემ ნინო ლომჯარიას სახელობის პროექტების დასტასაც შემოიტანდით

იურიდიულად არანაირი შესაძლებლობა არა გაქვთ და ვერ მოიფიქრეთ მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყვიტოთ, თორემ ნინო ლომჯარიას სახელობის კანონპროექტების დასტასაც შემოიტანდით, - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ლონდა თოლორაიას სახელობის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა ეწოდოს. “წარმოდგენილი პროექტის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ სამსახურიდან კონკრეტული ადამიანი გაისტუმრონ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება. ამავე ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლი ემატება. აღსანიშნავია, რომ ახალი დამატებული მუხლები პროკურატურის მუშაკებსა და საჯარო მოხელეებზე არ გავრცელდება. პროექტის მიხედვით, ახალი ქვემდებარეობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს