საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ვებინარების სერია იმართება სახელწოდებით “კოვიდ 19-ის გავლენა ტურიზმზე - საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები”.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს ოთხი ვებინარი ჩატარდა ხუთი სხვადასხვა თემატიკით, რომელმაც მოიცვა ტურიზმის თითქმის ყველა ძირითადი სფერო - სასტუმროები, საავიაციო ბაზარი, ტურიზმის კვლევითი კომპანიები, ტურისტული კომპანიები, გიდები და ღვინის მარნები.
მათივე ცნობით, ვებინარის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქტიურ გამოკითხვაში, სპიკერებისგან მიეღოთ ყველა აქტუალურ და საინტერესო კითხვაზე პასუხი; გასცნობოდნენ საქართველოში მიმდინარე ტურიზმის სტატისტიკას, სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ რეკომენდაციები კოვიდის პირობებში ბიზნესის საქმიანობის წარმატებული მართვისთვის.