ნაძალადევის რაიონში, ბეინაშვილის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მცირე მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო.
რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დაათვალიერა.
„სანზონის დასახლებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული გზა ბეინაშვილის ქუჩაზე იყო, სადაც კაპიტალურად გზის საფარი არასდროს შეკეთებულა. დავაგეთ გზის საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიური. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 120 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.