პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი მესამე მოსმენით 81-ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღეს.

პროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება - ამიერიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება. ამასთან, მცირდება და ყველა ეტაპზე ნახევრდება დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ვადები.

გარდა ამისა, იზრდება მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა. როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინება ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება.

ამასთან, კანონპროექტი განხილვის პროცესში დაკორექტირდა და ინიცირებული ვარიანტი სამ საკითხთან დაკავშირებით ჩასწორდა.

უფრო კონკრეტურად, კანონს აღარ დაემატა მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ინიცირებული პროექტიდან ამოიღეს, საქმეებისგან მოსამართლის ჩამოცილებას ეხება, თუკი მოსამართლის მიმართ ორი ან მეტ გადაცდომაზე დისციპლინური დევნა იყო დაწყებული.

პროექტიდან ასევე ამოღებულია ჩანაწერი, რომლითაც მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად ითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის დარღვევა, თუმცა შენარჩუნდა და კანონში აისახება, საჯაროდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის კრიტერიუმი.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, მოსამართლეთა მიმართ ისეთი სახის სადისციპლინო სახდელის შემოღება მოხდა, როგორიცაა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამის სასწავლებელში გაგზავნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს