ანა ბუჩუკური - „ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მათ გადაწყვეტილებებს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას უწოდებს - ასეთი გადაწყვეტილებები „ოცნებას" არ შერჩება

„ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, რომ დღეს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას უწოდებს - ასეთი გადაწყვეტილებები არავის შერჩენია და არც "ოცნებას" შერჩება, - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ბუჩუკურის განცხადებით, ამ ყველაფერში განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ სახელმწიფო და სახელმწიფოს ინტერესები ზიანდება.

"ბოლო წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო განცხადება იყო, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან მოვისმინეთ. გაკეთდა ძალიან მძიმე და მკაფიო შეფასება. ძალიან ყურადსაღებია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შეფასებით, ეს ყველაფერი საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. "ქართული ოცნებისგან" ბოლო პერიოდში მოკავშირეთა მიმართ ძალიან საშიში რიტორიკა გვესმის, რომ მათი კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა. იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს ასე არ უნდა ელაპარაკებოდეს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისო ტრიბუნებიდან იცავენ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით.

განცხადების თანახმად, განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა