მამუკა ხაზარაძე - "ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური, არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრორუსული ძალების წახალისება

"ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური, არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისება ,- ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან ასეთი განცხადებები უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის.

„ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება... ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა. ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არასამართლიანი და არასწორი შეფასებები იყო. მისი თქმით, ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ. ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, ამ განცხადებაში შესაძლოა დაშვებული იყოს ადამიანური შეცდომებიც.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა. გავრცელებული განცხადების თანახმად, განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს