მამუკა გამყრელიძე - ღიად ჩანს, რომ ხელისუფლება აღრმავებს იმ ნაპრალს, რაც გაჩნდა საქართველოს და დასავლეთს შორის

„ამერიკის ელჩის განცხადება იყო უკიდურესად მწვავე და ძალიან ჰგავს „წითელ ბარათს“ საქართველოს მთავრობისთვის. სიტუაცია მეტად დაამძიმა სახელისუფლებო პარტიის ლიდერის საპასუხო განცხადებამ. უკვე ღიად ჩანს, რომ ხელისუფლება აღრმავებს იმ ნაპრალს, რაც გაჩნდა საქართველოს და დასავლეთს შორის, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს მისაღებია რუსეთისთვის და ძალიან სახიფათოა ჩვენთვის განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთს და დასავლეთს შორის მძაფრი დაპირისპირებაა და ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება განიხილება.

მამუკა გამყრელიძის თქმით, გრძელდება საქართველოს მთავრობის ხისტი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, რასაც შესაძლოა ამ ურთიერთობების გაციება და გაფუჭება მოჰყვეს.

მისივე შეფასებით, კელი დეგნანის განცხადება, არ ყოფილა პირველი მწვავე განცხადება, რაც გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„ამერიკის ელჩმა კიდევ უფრო დაამძიმა ნატო-ს გენერალური მდივნის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება, რომ საქართველო პოლიტიკური ნიშნით, სამწუხაროდ, ჯერ ვერ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტს. ამერიკის ელჩის განცხადებით, ჩვენ არა თუ არ ვაკმაყოფილებთ ამ სტანდარტს, უფრო მეტიც ვშორდებით ნატოს და ევროკავშირს, რაც ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია.

ამერიკის საელჩოს განცხადებაში გამოხატული იყო წუხილი, იმის გამო, რომ არ ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვა და კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან იმ საკითხებზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება. ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნის საკითხსაც. ხელისუფლების ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ არის მისაღები დასავლეთისთვის.

სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება და შეფასებები, რომ დასავლეთი ჩვენს შიდა საქმეებში ერევა, არ არის სწორი. მაშინ როდესაც ჩვენი მიზანია ევროპულ ოჯახში, ნატო-ში გაწევრიანება, ეს უნდა განვიხილოთ, არა როგორც შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ როგორც პარტნიორების სურვილი, სტრუქტურულად, პოლიტიკურად მოხდეს დაახლოვება იმ სტანდარტებთან, რაც მათთვის მისაღებია. იმ პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც ჩვენ ვართ უკვე დიდი ხანია, არა თუ ვუახლოვდებით ამ სტანდარტს, პირიქით, ყოველ ნაბიჯზე ვშორდებით მას, რის შესახებაც პირდაპირ მიგვითითა ამერიკის საელჩომ.

იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩის მძიმე და შემაშფოთებელ განცხადებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა, ჩვენ მოვისმინეთ სახელისუფლებო პარტიის ლიდერის სრულიად მიუღებელი ტექსტი, სადაც ძალიან საყურადღებო იყო ფრაზა - ადამიანური ფაქტორი. როგორც ცნობილია, დეგნანი სკულპულიოზურად არის ინფორმირებული ყველა იმ საკითხის დეტალებზე, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად, როდესაც საუბრობ ადამიანურ ფაქტორზე, ეს ნიშნავს რომ პირდაპირი დარტყმა მიგაქვს კელი დეგნანზე, რაც არასწორი და არადიპლომატიურია.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერი თავის განცხადებაში უნდა შემოფარგლულიყო იმის ახსნით, თუ რატომ მოხდა პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, რომ ეს განხორციელდა იმ მოთხოვნების მიხედვით, რაც ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ სამსახუთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო სამთავრობო ორგანო და როგორც დამოუკიდებელი უწყება შეიქმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი ჩატარდა ყველასთან შეუთანხმებლად, კონსულტაციების გარეშე და დაჩქარებულად, სწორედ ამას მოჰყვა ის კრიტიკა, რაც ხელისუფლებამ მიიღო ამ პროცესთან დაკავშირებით.

უკვე ღიად ჩანს, რომ ხელისუფლება აღრმავებს იმ ნაპრალს, რაც გაჩნდა საქართველოს და დასავლეთს შორის. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვეძებოთ გამოსავალი და იმ ხარვეზების გამოსწორება, რაზეც მიგვითითებს დასავლეთი, სახელისუფლებო გუნდის ლიდერის განცხადება მიგვანიშნებს, რომ გრძელდება საქართველოს მთავრობის ხისტი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ. ამის შედეგად ჩვენ შეიძლება მივიღოთ, ამ ურთიერთობების გაციება და გაფუჭება, რაც აწყობს რუსეთს და სახიფათო ჩვენთვის 2022 წლის მადრიდის სამიტის წინ, ასევე იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთს და დასავლეთს შორის მძაფრი დაპირისპირებაა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად ამ დაპირისპირებაში, უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება განიხილება. ჩვენსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაფუჭება არის ერთგვარი „საჩუქარი“ რუსეთისთვის, რადგან ჩვენი დაშორება ევროკავშირისგან და ნატოსგან, პირველ რიგში მათ ინტერესშია.

როგორც ცნობილია, 12 იანვარს დანიშნულია რუსეთისა და ნატო-ს მინისტრების შეხვედრა. ორწელიწადნახევრიანი პაუზის და თითქმის გაწყვეტილი ურთიერთობების შემდეგ ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართება რუსეთის და ნატო-ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეების დონეზე, შესაბამისად, შექმნილ ვითრებაში, ამ შეხვედრას საინტერესო გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა