ხატია დეკანოიძე - სურვილი მაქვს, გავესაუბრო დეპუტატებს, რომლებსაც მიაჩნია, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის ბერკეტი შეიძლება ამოქმედდეს

მაქვს სურვილი, გავესაუბრო ყველა კოლეგას, რომელსაც მიაჩნია, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის ბერკეტი შეიძლება ამოქმედდეს და გამოყენებული იქნას განსაკუთრებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კოლეგებთან შეხვედრას გეგმავს, ნაწილთან კი საუბარი უკვე ჰქონდა.

"საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა, დაწყებულია კონსლუტაციები ჯერ კიდევ დეკემბერში, მე ვესაუბრე „ლელოს“ ფრაქციას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს. მიუხედავად ნებისმიერი საჯარო განცხადებებისა, მე მაქვს სურვილი, გავესაუბრო ყველა კოლეგას, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ბერკეტი შეიძლება ამოქმედდეს და გამოყენებული იქნას განსაკუთრებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ. გიდასტურებთ, რომ ამ საკითხზე საუბარი იქნება, ეს საუბრები შეეხება არამხოლოდ ამ კომისიის ჩამოყალიბების არსს, არამედ სამართლებრივ საკითხებსაც, ხმებთან დაკავშირებულ მოლოდინს. ჩემი სურვილია, სახელმწიფო ინსპექტორი, მისი მოადგილე, ასევე ყველა გამომძიებელი, რომელიც იძიებდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, დაბარებულ იყოს საგამოძიებო კომისიაზე და დავინახოთ ნამდვილი სიმართლე, თუ როგორ მოხდა და ვინ არიან ის თანამდებობის პირები, ვინც ხელი შეუწყო ამ დანაშაულს.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ჩემთვის არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა რას ამბობს „ქართული ოცნება“, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მეთოდს და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ხმების რაოდენობა და ამ კომისიის შემადგენლობა იყოს მაქსიმალურად ოპოზიციური", - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, შეხვდება ასევე იმ პარტიის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც საჯაროდ თქვეს, რომ კომისიას მხარს არ უჭერენ.

„ვიზიარებ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით მათ პოზიციას და მოვისმენ არგუმენტაციას რატომ არ უჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ბერკეტები აამოქმედოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ. საუბარს წინ არაფერი უდგას", - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება „გირჩის“ მიერ საჯაროდ გაჟღერებულ პირობებს, დეკანოიძის თქმით, ამ საკითხზე მათთანაც ექნებათ საუბარი.

"მე არ ვიცი რა საგამოძიებო კომისიაზე აქვთ საუბარი, თუ მოლოდინი აქვთ ჩვენი მხრიდან რაიმე საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე ან კანონპრპექტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე, საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა