„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. „თიბისის“ ცნობით, ნოემბერში რეალური მშპ, მოლოდინების შესაბამისად წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 6.9%-დან 12.0%-მდე აჩქარდა, რაც ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებითაც ეკონომიკური ზრდის ტემპმა მოიმატა. წინა თვის მსგავსად, აღდგენა ყველა სექტორს მოიცავდა, გარდა მშენებლობისა, რაც სახელმწიფოს მიერ შემცირებულმა კაპიტალურმა დანახარჯებმა განაპირობა.

„მაშინ, როდესაც ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და იმპორტის დინამიკა ძლიერი იყო, ფისკალური ფაქტორის მსგავსად, ნოემბრის დაკრედიტებაც შესუსტდა. აღნიშნული, ბიზნეს სეგმენტში, განსაკუთრებით კი კორპორატიული მიმართულებით, სესხების შენელების შედეგია. ამასთან, საყურადღებოა რომ 2021 წლის მე-2 და მე-3 კვარტლებში კორპორატიულ სექტორში რეკორდული აღდგენა აღინიშნებოდა.

გასულ კვირას სებ-მა 2021 წლის მე-3 კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ისევე როგორც ჯამურად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. რაც შეეხება დაფინანსების მხარეს, პირდაპირი ინვესტიციებიდან მხოლოდ რეინვესტირებულ შემოსავლებს ჰქონდა მნიშვნელოვანი წვლილი, რადგანაც ინვესტიციები სააქციო კაპიტალში ძალზედ დაბალი იყო. ამასთან, არასაბანკო კერძო სექტორი და ეროვნული ბანკი დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო იყო. საბანკო სექტორის მხრივ, საგარეო ვალდებულებები შემცირდა, უცხოური ვალუტის ფლობა კი 71 მლნ აშშ დოლარით გაიზრდა, თუმცა მე-2 კვარტალში 501 აშშ დოლარიანი რეკორდული შემცირების შემდეგ.

მიმდინარე კვირის ორშაბათს, „საქსტატმა“ დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინების შესაბამისად, მაღალი წლიური ინფლაცია მხოლოდ დაბალმა საბაზო ეფექტმა განსაზღვრა, ფასების ზრდის თვიური გაწლიურებული მაჩვენებელი კი წინა თვის მსგავსად სამიზნეზე დაბალი იყო.

საქართველოსგან განსხვავებით, დეკემბერში თურქეთის ინფლაციამ მოლოდინებს გადააჭარბა, როგორც სამომხმარებლო, ასევე უფრო მეტად მწარმოებელთა ფასების შემთხვევაში. კერძოდ, ადგილობრივი მფი წ/წ 79.9%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში ლირა დოლართან მიმართებით 77.3%-ით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის საგარეო მფი ჯერ გამოქვეყნებული არ არის, სავარაუდოა, რომ დინამიკა მსგავსი იქნება და ასეთ შემთხვევაში, ლირის ნომინალური გაუფასურების ეფექტი სრულად განეიტრალდება.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან „თიბისი კაპიტალის“ წინა ანალიზი ძირითადად სამომხმარებლო ფასების მიხედვით გაანგარიშებულ რეალურ გაცვლით კურსს ემყარებოდა. კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად კი თურქეთის მწარმოებელთა, განსაკუთრებით საგარეო, ფასების ინდექსი უფრო რელევანტურია. ამ მაჩვენებლით გაანგარიშებული რეალური კურსი აჩვენებს, რომ ლირა ლართან მიმართებით მატერიალურად გაუფასურებული არც არის. შესაბამისად, ეს დამატებითი არგუმენტია იმისათვის, რომ სუსტ ლირას საქართველოს ეკონომიკასა და ლარზე ნეგატიური გავლენა შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს. ერთადერთი კითხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან დაკავშირებით რჩება, რადგანაც ამ სექტორის ფასები თურქეთში გაცილებით უფრო ზომიერად იზრდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან საქართველოში იმპორტში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ტურიზმს, ექსპორტსა და ფულად გზავნილებს, სუსტი ლირის ნეგატიური ზეგავლენა ამ მხრივ, კიდევ უფრო საკამათოა.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 4 იანვრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე“,- ნათქვამია ინფრომაციაში.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა