​რომან გოცირიძე - ანაკლიის შემდეგ მთავრობამ ფოთის პორტთან დაკავშირებული კვლევაც გაასაიდუმლოა

​ანაკლიის შემდეგ მთავრობამ ფოთის პორტთან დაკავშირებული კვლევაც გაასაიდუმლოა - ყველა ეს გაუთავებელი კვლევა-შესწავლა დროის გაწელვის და ანაკლიის პროექტის დასამარების მიზნით ხდება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, მან სადეპუტატო შეკითხვით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, მიეწოდებინა მის მიერ დაქირავებული საერთაშორისო იურიდიული კომპანიის მიერ მომზადებული ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები, რომელსაც მთავრობა APM Terminals-თან ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ გააფორმებდა, თუმცა, უწყებამ უპასუხა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტაციას ვერ მიაწვდის.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის ივნისში 1.2 მილიონ ლარად დაიქირავა საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells-ი, რომელსაც უნდა მოემზადებინა ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების პირობები. წელიწადნახევარი გავიდა ამ კონტრაქტის გაფორმებიდან და ფოთის პორტის “ღრმაწყლოვნად” გადაქცევის საქმეში წინ ნაბიჯი არ გადადგმულა. აღნიშნულ კომპანიას ევალებოდა მოემზადებინა ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-თან ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ გააფორმებდა.

სამუშაოს დასრულების ვადა ჯერ განსაზღვრული იყო 2020 წლის 31 დეკემბრამდე. შემდეგ 2021 წლის 30 ივნისამდე და ბოლოს გახანგრძლივდა 30 სექტემბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს შესრულებიდან გავიდა რამდენიმე თვე, მთავრობა არაფერს ამბობს ამ ხელშეკრულების პროექტის შესახებ და უმალავს ჩვენს მოქალაქეებს.

ამიტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ პარლამენტის წევრის კითხვით, აღნიშნული კომპანიის მიერ მომზადებული ხელშეკრულების გადმოცემის მოთხოვნით. სამინისტრომ გვიპასუხა, რომ „Hogan Lovells-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაუწია იურიდიული მომსახურება, რაც გამოიხატა ხელშეკრულებების პროექტების მომზადებითა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობით. ამასთან, Hogan Lovells იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე სამართლებრივ კონსულტაციებს უწევდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეკრულებების პროექტების საკვანძო სამართლებრივი საკითხების შესახებ და მოლაპარაკებების პროცესებთან დაკავშირებით. ამასთან გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და ხელშეკრულების გაფორმება მოხდება მხარეების მიერ საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდგომ. რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას ხელშეკრულების პროექტის დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ შორის დადებული კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას წარმოგიდგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია“.

გვახსოვს ფოთია პორტის ინვესტორის განცხადებები, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება. შემდეგ ფოთის პორტის გაფართოებას და 300 მილიონი დოლარის ინვესტირებას შეგვპირდა. ახლა 150 მილიონ დოლარზეა მხოლოდ საუბარი და გაურკვეველია, მართლა აპირებენ გაფართოებას თუ ეს მხოლოდ ხელისუფლებისა და APM Terminals-ის ერთობლივი თამაში იყო ანაკლიის პროექტის ჩასაძირად. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი რუსეთში შვიდ ნავსადგურს ფლობს და რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კომპანიაა,"- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა