ალექსანდრე რაქვიაშვილი - მომიწევს დიეტის დარღვევა! თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და აშკარად სამუშაო გარემო გვექნება

პირადად მე შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე არ მაწყობდა და იმედი მქონდა, რომ ის, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, არ მოიქცეოდა და რასაც იტყოდა, შეასრულებდა - როგორც ჩანს, პოლიტიკაში მოსულა, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განუცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა განმარტა, ის და იაგო ხვიჩია თავიდანვე დანიძლავდნენ, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი - “ის პოლიტიკოსები, რომელთაც პატიოსნებაზე ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ“, შეასრულებდნენ თუ არა საკუთარ სიტყვას. რაქვიაშვილის თქმით, იაგო ხვიჩია სკეპტიკურად იყო განწყობილი, თავად კი - პირიქით და როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, ნიძლავი იაგო ხვიჩიამ მოიგო.

“მომიწევს დიეტის დარღვევა! რაც შეეხება “ლეიბორისტების“ მიერ პარლამენტის აწიოკებას, თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და აშკარად სამუშაო გარემო გვექნება. რაც არის, არის - ამ ხალხის უკან პირდაპირ თუ ირიბად მოქალაქეები დგანან, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონს და თუ ადამიანებს საქმის მიმართ ასეთი მიდგომა მოსწონთ, მაშინ რას ვიზამთ?! - პარლამენტი ჩვენი მოქალაქეების პრეფერენციების რეპრეზენტაცია იქნება. ზოგადად, ტრაგიკომიკური სიტუაციაა, როცა პოლიტიკოსები პარლმენტში შესვლა-არშესვლას გმირობად მიიჩნევენ. მთელი წელია ამაზე მიდის დისკუსია და მართლა დასაცინი გავხდით. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და იმედია, ოდესმე დასრულდება“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. ამასთან, განმარტავს, რომ არ ნანობს თავის დროზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

„ჩვენ არ შევედით პარლამენტში და აგვკრძალეს, წაგვართვეს კომისიის წევრები, დაფინანსება, რეკლამა. ახლა რომ ვუყურებთ ამას, პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და კომფორტი დავურღვიოთ, ავაწიოკოთ. მე, რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ ვარ“,- განმარტავს ნათელაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა