შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ შარშან მიღებული კანონებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ შარშან მიღებული კანონებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონია. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამ რეფორმით ჩანაცვლდა 1994 წლიდან მოქმედი კანონი და ქართული საკორპორაციო კანონმდებლობა ევროკავშირის სამართალს სრულად დაუახლოვდა.

მისივე შეფასებით, აღნიშნულით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის.

„პარლამენტის მიერ შარშან მიღებული კანონებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონია. ამ რეფორმით ჩანაცვლდა ჯერ კიდევ 1994 წლიდან მოქმედი კანონი, რომელსაც, განსაკუთრებით დერეგულაციის ტალღის შედეგად, თითქმის სრულად გამოცლილი ჰქონდა შინაარსი.

"მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონი 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.

ამით შესრულდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი, ქართული საკორპორაციო კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის სამართალს და კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის.

გასახარია, რომ მიუხედავად რთული წლისა, პარლამენტმა ამ ისტორიული რეფორმის განხორციელება შეძლო. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სარჯველაძეს, რომელმაც ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო შარშან პარლამენტის წევრის რანგში, უხელმძღვანელა პროექტის შექმნის პროცესს და ის კანონად აქცია.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეცნიერს, მოსამართლეს, ადვოკატს, ბიზნესის წარმომადგენელს, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, რომლებიც როგორც ავტორი, თუ როგორც პროექტის განხილვის დროს კონსულტაციის გამწევი, ჩართული იყვნენ ამ კანონის შექმნაში.

ახლა, ჯერი კანონის სწორ დანერგვაშია, რისთვისაც გადამწყვეტია მეცნიერებისგან ბევრი სტატია და წიგნი ამ კანონზე, ხოლო პრაქტიკოსებისგან - თითოეული ნორმის გააზრება და სწორი გამოყენება.

ამ საქმეში, ერთ-ერთი დამხმარე, ქვემოთ ბმულზე მოცემული განმარტებებიც იქნება, რომელიც ჯერ კიდევ კანონის ბოლო რედაქციის მიღებამდე შეიქმნა და რომელშიც კანონპროექტის თითოეული ნორმა დეტალურად არის ახსნილი. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა ამ განმარტებების ავტორებს გიორგი ჯუღელს და გეგა გიგუაშვილს“, - ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს