ჯანდაცვის მინისტრი - მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა - ჯანდაცვის სისტემა მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველა გამოწვევისთვის მზად არის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზებულია და „ომიკრონით“ ინფიცირების ზრდის შემთხვევაში ყველა მოქალაქეს ექნება ჰოსპიტალში განთავსების საშუალება.

„გასული სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა. საშუალოდ ყოველდღიურად 3 000 შემთხვევამდე გვაქვს, საიდანაც 1000-მდე შემთხვევა ახალი შტამი „ომიკრონია“. შეიძლება დადებითად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ „ფაიზერისა“ და „მერკის“ წარმოების ახალი მედიკამენტები იქნება.

„ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობას ვახორციელებთ. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ დიდი ეფექტურობით გამოირჩევა.

ასევე, დღეიდან ჯანმო-ს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა.

მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის აქტიურად გაგრძელება. მინდა მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა