წელს იქნება ის ბოლო ვადა, რომ ინფექციური დაავადებების ცენტრი გადავიდეს ახალ შენობაში და ეს საკითხი დაიხუროს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან საკოორდინაციოს საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, ინფექციური საავადმყოფოს გადასვლას ახალ შენობაში ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის გარკვეული ადაპტაცია სჭირდება და ამიტომ გართულდა და გახანგრძლივდა ეს პროცესი.
„ეს კლინიკა არის სტრატეგიული მნიშვნელობის და ჯანდაცვის მინისტრი მისი მინისტრობის პირველივე დღეს შეხვდა ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს. ესტუმრა შიდსის ცენტრს, ასევე კომუნიკაცია ჰქონდა „ავერსის“ ხელმძღვანელობასთან. ამ პროცესზე და ასევე რემონტის საკითხებზე აქტიური მუშაობა მიდის იმისათვის, რომ წელს იყოს ის ბოლო ვადა, როდესაც დასრულდება სრულად ახალი შენობის რემონტი. გარკვეული ადაპტაცია სჭირდება ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის, ამიტომ გართულდა და გახანგრძლივდა ეს პროცესი, რადგან სპეციფიკური ტექნიკური ექპერტიზა არის საჭირო იმისთვის, რომ შენობა შესაბამისად მოეწყოს. ვფიქრობ , წელს იქნება ის ბოლო ვადა, რომ ინფექციური დაავადებების ცენტრი გადავიდეს ახალ შენობაში და ეს საკითხი დაიხუროს. არავითარი რისკი შიდსის ცენტრის ფუნქციონირებას არ შეექმნება და მინისტრი უზრუნველყოფს ამ პროცესის მართვას. წელს მიდის მუშაობა იმაზე, რომ შიდსის ცენტრი დარჩეს იქ, სადაც არის, ვიდრე რემონტი არ დასრულდება“ , - განაცხადა გაბუნიამ.