მამუკა ხაზარაძე - „მხედრიონის“ მსხვერპლიც ვარ, წინა და შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლებისაც, ტრაგედია და გატაცებებიც მაქვს გადატანილი, ყველაფერმა ჩვენს თავზე გადაიარა

ივანიშვილმა არ იცის, როგორ შეიძლება პატიოსნად, თანამედროვედ და ევროპულად ააშენო ბიზნესი, რადგან მას ეშლება ბიზნესი და ფულის კეთება,- ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, როდესაც საქმე, რომელიც თავის პროცედურებით შეიძლება მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულდეს, სამი წელი გრძელდება, მიუთითებს იმაზე, რომ ან ინტელექტუალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე ან პოლიტიკურ დაკვეთაზე.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქმე პოლიტიკურ დაკვეთას ეხება, რადგან ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადეს.

„არ ვარ ადამიანი, რომ სხვებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ როდესაც სამი წლის განმავლობაში ძალიან ელემენტარულ რაღაცაზე ერთი და იგივე კომენტარს ვისმენთ, ან ინტელექტუალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე ან დაკვეთაზე. სხვა შემთხვევაში თუ ვინმემ ერთხელ მაინც მოისმინა ჩვენი, ჩვენი ადვოკატების ან პროკურორების გამოსვლა, ნათელია, რომ არაფერი სასწაული არ მომხდარა და მანიპულაციები და სიტყვების რახა-რუხი, ხშირად გამოყენება სიტყვების - „კონვერტაცია, განაწილება“, ადამიანებისთვის, ვისაც საქმე არ აქვს საბანკო ანგარიშთან შეშფოთებას იწვევს, რომ მართლა რაღაც ხდება.

ჩავთვალოთ, რომ ინტელექტთან გვაქვს პრობლემა, მაგრამ უფრო პოლიტიკურ დაკვეთასთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ არ შეიძლება ეს საქმე სამი წელი გაგრძელებულიყო. ამასთან, ჩვენთვის ბრალის წაყენება მოხდა მას შემდეგ, რაც გამოვაცხადეთ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ. ძალიან საინტერესო დამთხვევაა. შეტევა დაიწყო მაშინ, როდესაც ხელი მოვაწერეთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებას 400 მლნ დოლარით და ამით პრაქტიკულად გადაწყდა ანაკლიის ბედი. სწორედ მაშინ მივიღეთ იმდროინდელი პრემიერი გახარიასგან მუქარის წერილი, სადაც პირდაპირ წერია ის, რასაც ახლა ვესწრებით - ჩვენთვის რეპუტაციის შელახვა, „ტვ პირველის“ რედაქციის შეცვლა და „იმედის“ ტრენდზე დაჯდომა. ეს გამოუძიებელია. დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური შეკვეთა. დაკვეთილია ამ ქვეყნის დირექტორის, ბატონი ივანიშვილის მიერ, რომელმაც ერთხელ მითხრა - მე რუსეთში ვიყავი და შენ როგორ მოახერხე ამ არეულ ქვეყანაში ასეთი სისტემების შექმნაო. მართალია - მან არ იცის, როგორ შეიძლება პატიოსნად, თანამედროვედ და ევროპულად ააშენო ბიზნესი, რადგან მას ეშლება ბიზნესი და ფულის კეთება“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ ბიზნესსაქმიანობაზე საუბრისას განაცხადა, ყველა ხელისუფლებასთან მეტ-ნაკლები კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა ივანიშვილმა გააკეთა ის, რითაც სხვა ბიზნესმენებს დაანახა, თუ რა მოელით.

„მხედრიონის“ მსხვერპლიც ვარ, წინა ხელისუფლებისაც, შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლებისაც, ტრაგედიები და გატაცებებიც მაქვს გადატანილი, თუ რამე მომხდარა ამ ქვეყანაში. ყველაფერმა გადაიარა ჩვენს თავზე, ყველაფერმა - ლეტალურმა დასასრულმაც, ოჯახის წევრების მოტაცებამ, აფეთქებამ და ყველაფერმა. ის, რომ ამაზე არ ვსაუბრობდით, არ ნიშნავს, რომ ვიღაცასთან, „მხედრიონთან“ ან კრიმინალთან, რამე საქმეს ვაწყობდით. ყველა ხელისუფლებასთან გვქონდა მეტ-ნაკლებად კონფლიქტი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ის გააკეთა, რომ დაანახოს - აი, ნახეთ, რა მოგელით ყველას - მსხვილო, საშუალო ბიზენსმენებო. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მოთამაშეები, რომლებმაც ნულიდან დავიწყეთ. ბევრს შეიძლება არ მოსწონს ჩვენი წარმატება, ბევრს შეიძლება შურს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვიცით, რა გავაკეთეთ ამ ქვეყანაში. ვიცით, რამხელა სიხარული და დოვლათი მოვუტანეთ ქვეყანას. 6 მილიარდი გვაქვს შემოტანილი ქვეყანაში და ათიათასი ოჯახი გამართულად იღებს ანაზღაურებას, იზრდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა