მამუკა გამყრელიძე - ამერიკელები მზად იყვნენ დიპლომატიური საუბრისთვის, რუსული დიპლომატიის მიღმა კი მოჩანდა რუსი ჯარისკაცის ჩექმა და ხიშტი

სტრატეგიული უსაფრთხოების რუსეთ - ამერიკის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ამერიკელები მზად იყვნენ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის კომპრომისული საუბრისთვისაც, რუსეთის მხარე კი იყო კატეგორიულად არადიპლომატიური. სერგეი რიაბკოვის დახვეწილი რიტორიკის მიღმა ნათლად მოჩანდა რუსი ჯარისკაცის ჩექმა და ხიშტი, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძის თქმით, ამერიკული მხარე მზად იყო გარკვეულ საკითხებზე კომპრომისული საუბრის გასაგრძელებლად, ეს ეხებოდა შეტევითი შეიარაღების განთავსებას რუსეთის საზღვრებთან ახლოს და ნატოს სამხედრო წვრთნების ჩატარებას რუსეთის მეზობელ არა ნატოს წევრ ქვეყნებში. ხოლო ამერიკელებისგან ერთადერთი მკვეთრი მოთხოვნა იყო უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაცია და რუსეთის ჯარების დაბრუნება მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე.

„ამერიკელებისგან განსხვავებით, რუსეთის მხარე იყო კატეგორიულად არადიპლომატიური. მათ განაცხადეს, რომ აქვთ „იმპერატიული მოთხოვნა“, არ მოხდეს უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში არა მხოლოდ 2022 წელს მადრიდის მინისტერიალზე, არამედ - არასდროს. ამისთვის მათ ამერიკული მხარისგან მოითხოვეს არა უბრალოდ სიტყვიერი პირობა, არამედ „რკინისებური“ წერილობითი გარანტიები. რეალურად დადასტურდა, რომ ამ საკითხზე ორივე მხარის პოზიცია არის მკვეთრი, ძალიან ხისტი და არც ერთი მხარე ნატოს აღმოსავლეთ გაფართოების საკითხთან დაკავშირებით დათმობას არ აპირებს.

გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნებოდა ილუზია, რომ დასავლეთი დათმობდა პოზიციას ამ საკითხში, მაშინ ჩნდება კითხვა, რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა რუსეთის მხარეს ამ მოლაპარაკებებიდან?!

ორივე მხარემ გამოთქვა იმედი, რომ პოზიციების დაახლოების უფრო მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება 12 იანვარს რუსეთი-ნატოს საბჭოს შეხვედრაზე, მაგრამ სამწუხაროდ, კრემლში უკვე გაისმა სკეპტიკური ნოტები მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან დაკავშირებით და ამავე დროს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთს სანქციების არ ეშინია. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა პესკოვმა. რუსეთმა იცის, რომ ეკონომიკურ სანქციებს მის მიმართ არ ექნება ცალმხრივი შედეგი და ეს სანქციები მეტად თუ ნაკლებად დასავლეთზე, განსაკუთრებით კი ევროპაზე იმოქმედებს, ასევე ისიც, სანქციებს არ შეუერთდება ჩინეთი და აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის და დასავლეთის ეკონომიკური და ასევე პერსონალური ფინანსური ინტერესები, ძალიან ხშირად არის გადაჯაჭვული, სწორედ ამიტომ რუსეთი დეკლარირებულად არ გამოხატავს შიშს სანქციების მიმართ.

ამასთან ერთად, ექსპერტების მოლოდინისგან განსხვავებით, როგორც გაცხადდა, რუსეთის ჯარები ყაზახეთიდან გამოსვლას იწყებს უჩვეულოდ სწრაფად, რაც არ ახასიათებს რუსეთს. ეს ფაქტი და კრემლში წამოწყებული საუბარი სანქცებისთვის მზადყოფნასთან დაკავშირებით გვაფიქრებინებს, რომ ამერიკა -რუსეთის შეხვედრისას რუსეთი ეძებდა არა დიპლომატიურ გამოსავალს, არამედ კაზუს ბელის უკრაინაში შესაჭრელად”, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს