თენგიზ ფხალაძე - რუსეთი ცდილობს „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“ პრინციპით იმოქმედოს, რომ რაიმე მაინც გამოივაჭროს - ამ პერიოდში, მაქსიმალურად შეეცდება გამოიყენოს შანტაჟის ყველა შესაძლებლობა მეზობელ სახელმწიფოებზე

მოლაპარაკება შედგება არა მხოლოდ ამერიკა-რუსეთის ფორმატში, წინ გვაქვს კიდევ ნატო-რუსეთის ფორმატის შეხვედრები - რუსეთი ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცდება გამოიყენოს შანტაჟის ყველა შესაძლებლობა და ასევე თავისი გავლენის გაძლიერება მეზობელ სახელმწიფოებზე , - ამის შესახებ ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან გავლენის გაძლიერება შესაძლოა გამოიხატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერებით, კიბერშეტევებით თუ ე.წ. მეხუთე კოლონის გააქტიურებით.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, საქართველოს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და მაქსიმალური გააქტიურება, რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.

„დამთავრდა პირველი რაუნდი, რადგან მოლაპარაკება ამით არ დასრულებულა, ისევ გაგრძელდება. მოლაპარაკება შედგა არა მხოლოდ ამერიკა-რუსეთის ფორმატში, წინ გვაქვს კიდევ ნატო-რუსეთის ფორმატის შეხვედრები. რუსეთს რამდენიმე მიზანი აქვს: პირველი, რუსეთი ცდილობს „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“ პრინციპით იმოქმედოს და დააყენოს მაქსიმალური მოთხოვნები, რომ რაიმე მაინც გამოივაჭროს. მეორე, რუსეთს აინტერესებს რამდენად ერთიანია დასავლეთის პასუხი და რამდენად მტკიცე იქნება ის პასუხი, რასაც ის მიიღებს. ამის მიხედვით გათვლის მის შემდგომ ქმედებებს უახლოეს მეზობლებთან მიმართებაში. ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი თამაში, დროში გაწელილი, ნერვების თამაში და რუსეთი ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცდება გამოიყენოს შანტაჟის ყველა შესაძლებლობა, რაც მის ხელთ არის და ასევე თავისი გავლენის გაძლიერება მეზობელ სახელმწიფოებზე, იქ თავისი ჰიბრიდული საცეცების გააქტიურება. გავლენის გაძლიერება შეიძლება გამოიხატოს ყველაფერში, -დაწყებული სამხედრო ყოფნის გაძლიერებიდან, კიბერშეტევები, ე.წ. მეხუთე კოლონის გააქტიურება, დეზინფორმაცია, პროვოკაციები საოკუპაციო ხაზთან, - ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვუყურებთ.

დღევანდელ დღეს მეტი მხარდაჭერა სჭირდება საქართველოს და მეტი გაფრთხილება რუსეთს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველოსთან რაიმეზე ხელი წაუცდება, ეს იქნება მისთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადება არსად მომისმენია. სანამ დღეს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, სანამ გვაქვს საოკუპაციო ხაზი და ხალხს იტაცებენ, სანამ ჩვენ სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, წყნარად ყოფნის უფლება არავის არ აქვს. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები იმისათვის, რომ ის საფრთხე, რაც გვემუქრება, ავიცილოთ“, - განაცხადა ფხალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა