ბერდია სიჭინავა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე - „ქართულ ოცნებაში“ ყველაფერზე არიან წამსვლელები - მგონია, რომ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად

იქნება გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად, თუმცა, მიზანი მათი რეპუტაციული ზიანის მიყენების კუთხით მიღწეული იქნება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან.

როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, საქმეს პოლიტიკური მდგენელი აქვს და ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში მის მიმართ კითხვის ნიშნები მაინც იარსებებს.

„არის თუ არა საქმე პოლიტიკური, ამას რამდენიმე მდგენელი აქვს. მოლოდინები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ძალიან რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები. თუმცა, მგონია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ოღონდ თაღლითობის ნაწილში, რომელიც ხანდაზმულია და ამნისტირებული მუხლია. იქნება გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად. ლეგალიზაციის კვალიფიკაციაში, ვფიქრობ, გამართლდებიან, თუმცა, მათი რეპუტაციული ზიანის მიყენების კუთხით მიზანი მიღწეული იქნება. იმ პირობებში როდესაც სასამართლოში არსებობს გავლენიანი ჯგუფები და სასამართლოს მიმართ სანდოობა კრიტიკულ ნიშნულამდეა დასული, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ და რა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, მის მიმართ კითხვის ნიშნები მაინც იარსებებს“, - განაცხადა სიჭინავამ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას საქმესთან კავშირს, სიჭინავა ამას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ „გიორგი გახარია პროკურატურის საქმიანობაში არ ჩარეულა“.

„გახარიას აფილირება ამ საქმესთან და პოლიტიკური ნიშნის მიკერება გიორგი გახარიასთვის ამ საქმიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სერიოზული არ იქნება მიუხედავად იმისა, რომ ეს მცდელობები დავინახეთ. საქმეს პოლიტიკური მდგენელი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული პირები პოლიტიკაში ჩართული პირები არიან. როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია და მასზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის რისკები არსებობს, შესაძლოა, ვიღაცის თვალში ეს პოლიტიკურად აღიქმებოდეს. რაც შეეხება ბრალდებებს, თითქოს გახარიამ წერილი გადასცა მათ, ვფიქრობ, არასერიოზულია და ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ. პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმეს ექნებოდა 2019 წელსაც, 2020-შიც, 2022-შიც იმის გამო, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად გააქტიურებული პერსონები იყვნენ. გიორგი გახარია და გიორგი გახარიას მთავრობა კონკრეტული პერსონების მიმართ პოლიტიკურ დევნას არ აწარმოებდა. საქმეს შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური კონტექსტი, თუმცა პოლიტიკური არ იყოს“, - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, მოსამართლე განაჩენს 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს