მამუკა ხაზარაძე - პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, რომ ეს მმართველობა მისი ხელმძღვანელობით დამთავრდება, რადგან ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას

ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის და ღირსების საკითხი, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს განაჩენის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძის განცხადებით, სანამ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ იქნება, მანამდე მშვიდობაც არ იქნება. „ასეთი სასამართლოს და სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული სასამართლო და მართლმსაჯულება, პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, რომ ეს მმართველობა მისი ხელმძღვანელობით დამთავრდება, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში, სადაც არ არის სამართალი იქ არ არის მშვიდობა. ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამ, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის ღირსებებს და უფლებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. ეს სამწლიანი „მასკარადი“ ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის, ღირსების საკითხი. ეს არის იმ მოქალაქეებისთვის იმედის დაბრუნების საკითხი, რომელსაც ცოტაოდენი იმედი დარჩა იმისათვის, რომ იყოს გამარჯვებული. მე გპირდებით, მთელ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის. ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა არის თითოეულ თქვენგანში, თუმცა დახშული, მიმალული და მიძინებულია, ეს უნდა გამოვაღვიძოთ და გავაერთიანოთ. უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო, საქართველო უნდა გავხადოთ წარმატებული, გამარჯვებული ქვეყანა“, - განაცხადა ხაზარაზემ.

ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს