გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მიმართ სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, უწყება სასამართლოს დღევანდელ განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს ,,თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.

აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.

ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა