ნიკა სიმონიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე - პროკურატურის ხრიკს - არასწორი კვალიფიკაციით დაწყებულ გამოძიებას და სასამართლოში წაღებულ საქმეს, სასამართლომ სრული გამართლება მისცა

პროკურატურის ხრიკს - არასწორი კვალიფიკაციით დაწყებულ გამოძიებას და სასამართლოში წაღებულ საქმეს, სასამართლომ სრული გამართლება მისცა, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილი განაჩენი.

როგორც სიმონიშვილი განმარტავს, სასამართლომ განაჩენი ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით დააყენა, რომლის გამოძიების დაწყებაც არ შეიძლებოდა.

„დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ობიექტური მიზეზების გამო არ ვიცნობთ და როცა საბოლოოდ, წერილობითი განაჩენი გამოვა, ჩვენ მას სრულყოფილად შევაფასებთ. თუმცა, ამ პროცესმა, რაც გავიარეთ, გვიჩვენა, რომ პირდაპირ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები იკვეთება ორი ძირითადი მიზეზის გამო. ერთი, ეს არის დაკავშირებული კვალიფიკაციასთან და მეორე, პროცესის წარმართვასთან და მის მიბმას პოლიტიკურ პროცესებთან.

იმ კვალიფიკაციით, რომლითაც სასამართლომ საქმე საბოლოოდ დააკვალიფიცირა - თაღლითობით, პროკურატურას გამოძიების დაწყების შესაძლებლობა საერთოდ არ ჰქონდა, ვინაიდან ამ მუხლით გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ის ხანდაზმული იქნებოდა და უბრალოდ არ შეიძლებოდა მასზე გამოძიების დაწყება, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაც. თუმცა, საბოლოოდ მაინც ვნახეთ, რომ განაჩენი დადგა და როგორ დადგა განაჩენი? „ფულის გათეთრებით“ იყო დაწყებული გამოძიება, რომელიც თავიდანვე ცხადი იყო, რომ არასწორი კვალიფიკაცია იყო. თუმცა, სასამართლომდე ამ საქმის მიტანის და ამ საქმეზე იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმით, რომ არასწორი კვალიფიკაციით დაწყებულიყო გამოძიება, უფრო მძიმე ნორმით, რომ შემდეგ გადაკვალიფიცირება მომხდარიყო. ანუ, ის რასაც პროკურატურა სწორი კვალიფიკაციის შემთხვევაში ვერ მოახერხებდა და ხელისუფლება ვერ მოახერხებდა სწორი კვალიფიკაციის შემთხვევაში ეთქვა, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები არიან დამნაშავეები, გააკეთა ამ გზით. შესაბამისად, კანონის ამგვარად გამოყენებით, თავიდანვე არასწორი კვალიფიკაციით ხელისუფლებამ შეძლო მისი პოლიტიკური ოპონენტისთვის ეთქვა, რომ ის დამნაშავეა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს კვალიფიკაცია „ფულის გათეთრებასთან“ მიმართებით არ იყო სწორი. თუმცა, ეს ამ მიზნებისთვის იყო გამოყენებული. რომ არა, არასწორი კვალიფიკაცია, ხელისუფლება ვერ შეძლებდა იმ შედეგის დაყენებას, რაც მან დააყენა. რეალურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავიდანვე განჭვრეტადი იყო ის, რომ საბოლოოდ ამ შედეგს დავინახავდით“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისივე განმარტებით, საქმეში პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები იკვეთება.

„როცა ამ საქმის სასამართლოში განხილვა დაიწყო, პროცესები საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა, კვირაში ორი-სამი პროცესი ისე იმართებოდა, რომ სასამართლო არც კი ითვალისწინებდა პროცესის ჩანიშვნის დროს დაცვის მხარის ინტერესებს და საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში იხილავდა ამ საქმეს. 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, ეს პროცესები შეჩერდა, ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეჩერდა და განახლდა გასული წლის წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ როცა ხელისუფლებას მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის სჭირდებოდა დაეძახა დამნაშავეები და განეახლებინა მათთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნა.

სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო და განაჩენი გამოიტანა ისეთ ქმედებასთან მიმართებით, რომელზეც გამოძიების დაწყებაც კი არ შეიძლებოდა იმის გამო, რომ ეს ქმედება იყო ხანდაზმული. ამდენად, როგორ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებას კარგი ვუწოდოთ. ეს პროცესები პოლიტიკური პროცესების ფონზე მიმდინარეობდა, განაჩენი გამოიტანა ისეთ ქმედებასთან მიმართებით, რომელზეც გამოძიების დაწყებაც კი არ შეიძლებოდა. რეალურად, პროკურატურის ხრიკს, არასწორი კვალიფიკაციით დაწყებულ გამოძიებას და სასამართლოში წაღებულ საქმეს, სასამართლომ სრული გამართლება მისცა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს